ახალი ამბები
რამაზ ზადიშვილი: ,,ცხინვალის იზოლატორში გავიცანი ვაჟა გაფრინდაშვილი დიდებული კაცია"
,,ვაჟა დიდებული კაცია. დღე სულ ერთად ვიყავით. ცხინვალის მხრიდან შეურაცხყოფა არ ყოფილა. წინ ზიხარ და უკან დაჯექიო, არავის უკადრებია." - ამბობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს მკვიდრი რამაზ ზადუშვილი.

ის 11-13 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. იხსენებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ცხინვალის იზოლატორში კიდევ 3 ადამიანი დახვდა.

,,ჩვენ როცა მივედით, ოთხნი დაგვხვდნენ. ბიჭებმა მითხრეს, ძალიან ძლიერი ექიმიაო. როგორ დააკავეს, მაგის შესახებ არ უთქვამს და ჩვენც ვერ ვკადრეთ, გვეკითხა. ბოლო დაკითხვისას როცა გაიყვანეს, ვაჟა მოდიო, ქართულად უთხრეს, პატივისცემით ეპყრობოდნენ. ვაჟამ გვითხრა, რომ დაკითხვის დროს, საზღვრის გადაკვეთაზე მკითხესო . ვუთხარი, რომ მე საზღვარი არ გადამიკვეთიაო, ეს საქართველოაო. მერე ჩვენ გაგვიყვანეს დასაკითხად და გამოგვიშვეს. მანამდე ვაჟა გაიყვანეს სასამართლოზე. ჩვენ გვეგონა, რომ ისიც გაათავისუფლეს" - იხსენებს რამაზ ზადიშვილი.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თანამესაკნეებს დაპირდა, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მათთან მეგობრობას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ცნობილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს.

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

,,ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება" - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

იხ. ამავე თემაზე:

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები