ხაშურში 5 სოფლის დამაკავშირებელი დაკიდული ხიდი დაზიანდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალებთან დაკიდული ხიდი დაზიანდა. ამის შესახებ მერიას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აცნობეს.

კერძოდ, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდს სავალ ნაწილზე ლითონის დამჭერები გაუწყდა:

,,დაწყდა ხიდის სავალი ნაწილის ლითონის დამჭერები (სტრემიონკები), რამაც გამოიწვია სავალი ნაწილის საგრძნობლად ვარდნა- დეფორმაცია და საყრდენი ბურჯის წამწისქვედა კონსტრუქციის დაზიანება. შესაძლებელია ხიდის დროულად არ შეკეთებამ გამოიწვიოს სავალი ნაწილის დარჩენილი დამჭერების დაწყვეტა, რაც ასევე გამოიწვევს ხიდის მოშლას და სავალი ნაწილის ვარდნას, შესაბამისად 5 სოფელი მოწყდება ადმინისტრაციულ ცენტრს და შეიზღუდება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების გაწევა.“ - აღნიშნავს მერიის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენელი სერგო ლალიაშვილი.

მისი ინფორმაციით, ხიდს რეაბილიტაცია 2017 წელს ჩაუტარდა, თუმცა სხვა მონაკვეთზე.

აღნიშნული ხიდით სარგებლობს შემდეგი სოფლები: ღვრიაწყალი, ხალები, ღუდა, ნარუჯები და ღანძილები. სერგო ლალიაშვილის ცნობით, სარეაბილიტიო თანხა სარეზერვო ფონდიდან უკვე გამოიყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები