ტანას ხეობის ზემო სოფლებში მზის ელექტროსისტემებს ამონტაჟებენ
გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომელიც მდინარე ტანას ხეობის მთიან ზოლზე მდებარეობს, მზის ელექტროსისტემებს ამონტაჟებენ.

საყავრე, წითელწყარო, ტამი, ხანდისი, გაიჩაანთ უბანი, იფნარა, ფიცესი, ველები, დრე, დიდი ჭვარები, ოჭიორა, ლული, ჭანჭახა, საჯიანი, მღებრიანი - ეს ის სოფლებია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 32 ოჯახიდან, 6 უკვე სარგებლობს მზის ელექტროსისტემის საშუალებით მიღბული ელექტროენერგიით.
მისი სიმძლავრე ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანისა და წყლის გამაცხელებლის მუშაობასაც ეყოფა.

,,ხარისხიანი ელექტროსისტემის საშუალებით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ცუდი ამინდის პირობებშიც, მომხმარებელს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება. მზიან ამინდში კი შესაძლებელია ნათურით, ტელევიზორით, მაცივრით, სარეცხი მანქანითა და წყლის გამაცხელებლით პარალელურად სარგებლობა." - აცხადებენ მერიაში.

სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 2 545 400 ლარია, მომავალი წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება. ერთი მზის ელექტროსისტემის მონტაჟის ღირებულება 14 300 ლარია.

გარდა მზის ელექტროსადგურის სისტემის დამონტაჟებისა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომხმარებელს ელექტროენერგია სახლში შეუყვანოს. მზის ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია, კომპანია კი მათი დამონტაჟებიდან 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას.

პროექტი ითვალისწინებს შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და კახეთის დასახლებებში მუდმივად მცხოვრები 178 ოჯახის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას.
Print