ახალი ამბები
ელბაქიანთკარი - პერსპექტივა სოფელში დაბრუნებული მოსახლეობისთვის
სულ მალე ძამას ხეობას თოვლი დაფარავს. საბუხრეებიდან კვამლის ამოსვლა არ შეწყდება. სოფლის შიდა გზებზე ძირითადად ძაღლის ნაკველევი იქნება. დაკეტილი სახლების ეზოებში კი, თოვლს გაზაფხულამდე არავინ გადახვეტს.

ლეილა ელბაქიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ზამთარს ძამას ხეობის მშობლიურ სოფელში გაატარებს. თითქმის 10 წელია დაუბრუნდა კერას. ზაფხულის პერიოდში მცირე საოჯახო მეურნეობას მიყო ხელი. ხეობის ვიზიტორებისთვის ფაცხებიც მოაწყო:

,,ხალხი აქ მხოლოდ ზაფხულშია. ზამთარში იშვიათად ამოდის ვინმე. ისიც, ვისაც ექსტრემალური სიტუაციები უყვარს. პირობები იმისათვის, რომ ზამთარში აქ ვიზიტორმა ან ტურისტმა დაისვენოს, ძალიან ნაკლებია“ - ამბობს ლეილა ელბაქიძე.



ფიქრობს, რომ საოჯახო ტიპის სასტუმროების მოსაწყობად საკმაოდ სოლიდური თანხაა საჭირო. მის საცხოვრებელ სახლს კი, კაპიტალური რემონტი ჭირდება.

ელბაქიანთკარში 1990-იან წლებამდე 120 კომლამდე ცხოვრობდა, დღეს მუდმივად 12-15 ოჯახია. სოფლიდან წასული მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩრდილოეთ ოსეთში ან რუსეთში ცხოვრობს. ადგილობრივი მკვიდრი გივი ელბაქიძე ამბობს, რომ ვისაც დაბრუნება სურს, მისთვის ქონების დაბრუნება იმ შემთხვევაშია ადვილი, თუკი ორმაგი მოქალაქე იქნება.

,,შეიძლება საკომლო წიგნები დაკარგულია, მაგრამ ქარელის არქივში ყველანაირი დოკუმენტაცია ინახება, რომელიც დაადასტურებს წარმომავლობას. თუ ვერც არქივში იქნა მოძიებული ინფორმაცია, მაშინ ადგილობრივი მცხოვრებლების (ორი ოჯახი მაინც) დახმარებით შეუძლიათ დაამტკიცონ წარმოშობა" - ამბობს გივი ელბაქიძე.

იხ. უფრო ვრცლად რეპორტაჟში



Print

სტატიის გამოყენების პირობები