ოთარშენის სკოლაში უფროსკლასელსა და პედაგოგს შორის მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის (ყოფილი ორთაშენი) საბაზო სკოლის უფროსკლასელსა და პედაგოგს შორის მომხდარი ინციდენტზე მოკვლევა დასრულდა.

სადისციპლინო კომიტეტის რეკომენდაციით, მასწავლებელი სკოლიდან უნდა განთავისუფლდეს. სკოლის დირექტორი ლეილა ნამორაძის განცხადებით, ბრძანება ჯერ დაწერილი არა აქვს, რადგან წინ გარკვეული სახის პროცედურების გავლაა საჭირო.

,,სადისციპლინო კომიტეტმა მომმართა რეკომენდაციით, რომ სკოლიდან აღნიშნული პედაგოგი განთავისუფლდეს. ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიმიღია. ბრძანების გამოცემის შესახებ, მოგვიანებით გაცნობებთ" - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

მისი ინფორმაციით, მოკვლევა ორმა მასწავლებელმა და ორმა მშობელმა ჩაატარა. გამოკითხეს მოსწავლეები, ასევე, სხვა მასწავლებლები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პედაგოგის მხრიდან მოსწავლის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

,,სხვა დროს, აღნიშნული პედაგოგის მიმართ მსგავსი განცხადებით არავის მოუმართავს. განცხადებით მოსწავლის მშობელმა მოგვმართა. დებულების მიხედვით, მოკვლევის ჩატარება სკოლის სადისციპლინო კომიტეტის წევრებს დაევალათ, რომელშიც შედის ორი მშობელი და ორი მასწავლებელი" - აცხადებს დირექტორი.

თუ რა სახის შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, დირექტორი ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, იყო დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებიც.

პედაგოგი, რომლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, სკოლის ყოფილი დირექტორი გრიგოლ მუმლაძეა. ის ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის პროვოკაციას. პედაგოგი აცხადებს, რომ ამ თემაზე არ სურს საუბარი ჯერჯერობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები