ნინო ლომაძის ,,ვაშლის ბაღები" ,,საბას" გამარჯვებულია
გამომცემლობა ინდიგოს და ნინო ლომაძის "ვაშლის ბაღები" "საბას" გამარჯვებულია. მანამდე, ოქტომბერში, ,,ვაშლის ბაღებმა" გაიმარჯვა ლიტერატურული პრემია ,,ლიტერას" ნომინაციაში საუკეთესო დოკუმენტური პროზა.

წიგნი ომგამოვლილი ადამიანების ზეპირ ისტორიებს აერთიანებს.

ავტორმა აგვისტოს ომის 10-წლის თავზე 60-ზე მეტი ადამიანის ამბავი ჩაწერა. პროექტზე მუშაობა ინდიგოსა და წამებისა და მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მეშვეობით მოხდა.

პროექტის ავტორების ინფორმაციით, წიგნში მოცემული ყველა ტექსტი ზეპირი ისტორიაა, მხოლოდ ზოგან არის შეცვლილი სახელები, ისიც ამ ადამიანების თხოვნით. GCRT-ის პროექტის კოორდინატორი სოფო ტაბაღუა ,,ნეტგაზეთს" უყვება, რომ შიდა ქართლში მდებარე ცენტრის მეშვეობით, უკვე წლებია ფსიქოლოგიურ დახამარებას უწევენ ომგამოვლილ ადამიანებს.

“ეს წიგნი ჩვენი და ინდიგოს ერთობლივი პროექტია. წიგნზე მუშაობისას ჩვენ შევხვდით ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ ამ ომის მონაწილეები არიან. გადის წლები, თაობები იცვლება და ეს ისტორიებიც ჩვენთან, ფსიქოლოგებთან რჩება ხოლმე. გვინდოდა, ისინი უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო”.

ინდიგოს რედაქტორის, ნინო ლომაძის თქმით, წიგნი მკითხველს სთავაზობს, აგვისტოს ომი განსხვავებული პერსპექტივით – ადამიანის ბიოგრაფიებიდან დაინახოს. ნინო ლომაძე განმარტავს, რომ სანამ წიგნზე მუშაობა დაიწყებოდა, შეისწავლეს, როგორ შუქდებოდა საქართველოს უკანასკნელი ომი მედიაში. როგორც ის ამბობს, ომის პერიოდშიც და მას შემდეგაც, მედია ომს აღწერს მხოლოდ მშრალი ფაქტებით, რაც ძირითადად გულისხმობს პოლიტიკური პროცესების თანმიმდევრობით გადმოცემას.

ზეპირი ისტორიების პრეზენტაცია გასულ წელს, 2018 წლის 10 აგვისტოს, ერგნეთში გაიმართა, რომელსაც qartli.ge-ც ესწრებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები