ახალი ამბები
ფხვენისის სკოლაში ქურდობის ფაქტის შემდეგ დარაჯი გაათავისუფლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლიდან დარაჯი გაათავისუფლეს. ამის მიზეზი დაკისრებული მოვალეობის შესრულებლობა გახდა.

სკოლის დირექტორის განცხადებით, გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზი, სკოლიდან კომპიუტერების ქურდობისას გამოვლენილი უყურადღებობა გახდა.

,,დარაჯის მოვალეობა იყო შეემოწმებინა იმ ღამით სკოლის ტერიტორია. ის საერთოდ არ გამოსულა სახლიდან და არ შეუმოწმებია სკოლის ტერიტორია. ქურდობის ფაქტის შესახებ ჩვენ მხოლოდ დილით, სკოლაში მისვლისას გავიგეთ" - ამბობს სკოლის დირექტორი.

დარაჯი მიღებულ გადაწყვეტილებას დაეთანხმა. ის პოლიციამაც დაკითხა. დირექტორთან პირად საუბარში აღიარა, რომ კომპიუტერების ქურდობის დროს, სახლში იმყოფებოდა.

როგორც qartli.ge წერდა, სკოლიდან 6 კომპიუტერი და 1 ბუკი მოიპარეს. კომპიუტერები სკოლას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ,,სკოლის ახალი მოდელის" ფარგლებში შეუძინა:

,,ქურდობის დღეს სპეციალისტმა კომპიუტერში ის პროგრამები დააინსტალირა, რომელიც ამ ახალ პროექტს ჭირდებოდა. დარჩენილი იყო 6 კომპიუტერი. მასზე პროგრამები არ იყო დაინსტალირებული. ქურდებმა სწორედ ის კომპიუტერები წაიღეს" - აცხადებს დირექტორი.

მისი განმარტებით, სკოლის ახალი მოდელი გულისხმობს დაწყებით კლასებში ახალი ტექნოლოგიებით სწავლების მეთოდს:

,,მართალია, ჩვენ ეს კომპიუტერები ამ პროგრამის განხორციელებისთვის გვჭირდებოდა, თუმცა მაინც ვაგრძელებთ მუშაობს. პედაგოგები ამ მეთოდით საკუთარი კომპიუეტერებით ასწავლიან. იმედი გვაქვს, რომ გამოძიება წარმატებით დასრულდება" - განმარტავს სკოლის დირექტორი.

ავტორი: გიორგი კასრაძე
Print

სტატიის გამოყენების პირობები