ახალი ამბები
ვახტანგ ყანჩაველი: ,,მშენებლობა შევაჩერეთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს დასკვნამდე"
გორისციხის ასასვლელში ტურისტული და სავაჭრო (სუვენირების) ცენტრის, ასევე, საპირფარეშოს მშენებლობა შეჩერდა. ამის შესახებ qartli.ge-ს სამშენებლო კომპანიის დირექტორმა ვახტანგ ყანჩაველმა განუცხადა.

მისი თქმით, ძველი კედლების გამოჩენისთანავე, სამუშაო პროცესში არქეოლოგი ჩართო, რათა კედლები და თახჩები არ დაზიანებულიყო:

,,დაახლოებით 10 დღის წინ გამოჩნდა ეს კედლები. მაშინვე დავიქირავე არქეოლოგი, იმის ზედამხედველობის ქვეშ, ბარებით და ცოცხებით დაიწყეს მიწის გაწმენდა. მივხვდით, რომ ამ ტერიტორიაზე ტექნიკით სამუშაოების წარმოება არ შეიძლებოდა. ფაქტობრივად, რისთისაც დავიწყეთ მუშაობა, შევაჩერეთ. არქეოლოგთან ერთად ვიმუშავეთ მხოლოდ. გუშინ, ადგილზე ქალაქის მერი მოვიდა, ერთად დავათვალიერეთ. გადავწყვიტეთ, რომ საქმეში ძეგლთა დაცვის სააგენტო ჩაგვეყენებინა საქმის კურსში. ვიდრე დასკვნა არ დაიდება, სამუშაოები აღარ გაგრძელდება" - გვითხრა ვახტანგ ყანჩაველმა.

ვახტანგ ყანჩაველი განმარტავს, რომ შესაძლებელია კედლები და თახჩები ისე დააკონსვერვდეს, არ წაიშალოს სიძველე:

,,სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ. ძირითადად, ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შევინაჩურთოთ ძველი ქალაქის კვალი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული' - ამბობს ვახტანგ ყანჩაველი.

ტურისტული-სავაჭრო ცენტრი და საპირფარეშო ევროკავშირის გრანტის დაფინანსებით ციხის ასასვლელში უნდა მოეწყოს:

,,შეიძლება ითქვას, რომ ამ ახალი ცენტრისთვის საუკეთესო ადგილი  სწორედ ციხის ასასვლელია. თუ ტერიტორიას შევცვლით, არ არის გამორიცხული, სხვა ადგილზეც იგივე სიტუაცია დაგხვდეს." - აღნიშნავს მშენებელი.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის ეწვევა გორს ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

იხ. ამავე თემაზე:

გორისციხის ასასვლელში ძველი ქალაქის ნაშთები გამოჩნდა


Print

სტატიის გამოყენების პირობები