ნუნუ გიგაური ახალგორიდან: ,,ძალიან გთხოვთ ჩემი და გადაიყვანოთ თბილისში"
ახალგორელი ნუნუ გიგაური ამბობს, რომ მის დას თბილისის კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება. ამის შესახებ მან ,,ეხო კავკაზასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საუბარია პედაგოგ თამარ გიგაურზე, რომელიც ერთი თვის წინ, ძველ ჭაში ჩავარდა და მრავლობითი დაზიანება (ძირითადად, ტრავმატოლოგიური) მიიღო. თამარ გიგაური ამჟამად ახალგორის (ლენინგორი) საავადმყოფოში წევს, თუმცა ადგილობრივი ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სათანადო მკურნალობას ვერ იღებს:

,,ვინაიდან აქ ხელი არ ეწყობათ, ძალიან გთხოვთ გადავიყვანოთ ქალაქ თბილისში. აქაც რის საშუალებაც აქვთ, მკურნალობენ, მაგრამ არ არის საკმარისი" - ამბობს ნუნუ გიგაური.

ნუნუ გიგაურის თქმით, ოჯახს შესაბამისი ცნობა არ გააჩნია, რომ გამშვებ პუნქტზე გაატარონ.

შეგახსენებთ, 2019 წლის 4 სექტემბრიდან, ახალგორის რაიონში, გამშვები პუნქტი ჩაიკეტა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, სოფელ რაზდახანთან საგუშაგო მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან (ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს) ქართული საპოლიციო საგუშაგო აშენდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები