ვარიანში დეკანოზი გრიგოლი სასულიერო პირებს მიწების დასამუშავებლად იწვევს
საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის ქადაგებას ვარიანელი დეკანოზი, მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) ეხმაურება და სასულიერო პირებს სოფელში ეპატიჟება. მისი თქმით, იგი მზადაა იმ მიწის ნაკვეთების ნაწილი, რომელიც მას სოფელში გააჩნია, სასულიერო პირებს დაუთმოს დასამუშავებლად:

,,მე მზად ვარ მათთან ერთად ვიშრომო და განვავითარო სოფლის მეურნეობა. ამისათვის ავაშენე ამ სოფელში ფერმა, მომყავდა კომბოსტო და ა.შ. მზად ვარ, რომ ეს მიწები დავუთმო სასულიერო პირებს, ან კერძო პირებს, რომლებიც დაამუშავებენ, დაასაქმებენ ხალხს. მეც მათ გვერდით ვიქნები. მე წლების წინ ამ სოფელში სწორედ ამ იდეით ჩამოვედი ვარიანში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით" - აღნიშნავს დეკანოზი.

მისი განმარტებით, წლების განმავლობაში, სწორედ იმ იდეას ემსახურებოდა, რასაც საქართველოს პატრიარქი ერთ-ერთ ბოლო, საკვირაო ქადაგებისას საუბრობდა:

„მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას“, - განაცხადა პატრიარქმა.

დეკანოზ გრიგოლს ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა შეუქმნეს: დაუწვეს ფერმა, სახლი, გაუნადგურეს მოსავალი, არ აძლევდნენ მისასვლელი გზით სარგებლობის უფლებას. საბოლოოდ, 2019 წლის ზაფხულში, სოფლის დაპირისპირებული ნაწილი შემოირიგა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები