ცხინვალის სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა
ცხინვალში ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა" ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, რომელიც ცხინვალში იმყოფება, გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე მიიღეს. სხდომას ფატიმა პარასტაევა ხელმძღვანელობდა.

სასამართლო პროცესი, დღეს, 16 საათზე დაიწყო.
”ეხო კავკაზის” -ს კორესპოდენტის ცნობით, გაფრინდაშვილი სასამართლო დარბაზში თავის ადვოკატ ვლადიმერ ფიდაროვთან ერთად იმყოფებოდა.

გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლი სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით - სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რაც ისჯება ჯარიმით, იძულებითი შრომით ვადით ორ წლამდე ვადით ან პატიმრობით იმავე ვადით.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. მას მიენიჭა ორთვიანი პატიმრობა. თავად ექიმი არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ დააყენა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებში 10-11 დეკემბერს და ასევე განიხილეს პრაღაში ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შეხვედრის დროს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები