15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქცია ,,თავისუფლება ვაჟა ექიმს" გაიმართება
კვირას, 15 დეკემბერს, საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართება. ,,თავისუფლება ვაჟა ექიმს" - ეს არის აქციის მთავარი დევიზი.

პროცესი თბილისიდან დაიწყება. მოქალაქეები დილის 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და საოკუპაციო ხაზისკენ გაემართებიან.

,,მივემართებით საოკუპაციო ხაზთან. რეგიონებიდან შემოერთების მსურველები საოკუპაციო ხაზთან ვიკრიბებით 14:00 სთ-ზე; ყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური წარმომავლობისა, ვისაც გული შეგტკივათ პატრიოტი ადამინის უკანონო ტყვეობაზე, გთხოვთ დაგვანახოთ თქვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა. ერთად მივიდეთ საოკუპაციო ხაზთან და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი." - ასეთია მიმართვის ტექსტი.

შეგახსენებთ, დღეს, ცხინვალში ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ,,ეხო კავკაზა" ჟურნალისტის ცნობით, რომელიც ცხინვალში იმყოფება, გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე მიიღეს. სხდომას ფატიმა პარასტაევა ხელმძღვანელობდა.

სასამართლო პროცესი, 16 საათზე დაიწყო. ”ეხო კავკაზის” -ს კორესპოდენტის ცნობით, გაფრინდაშვილი სასამართლო დარბაზში თავის ადვოკატ ვლადიმერ ფიდაროვთან ერთად იმყოფებოდა.

გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლი სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით - სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რაც ისჯება ჯარიმით, იძულებითი შრომით ვადით ორ წლამდე ვადით ან პატიმრობით იმავე ვადით.

მომდევნო პროცესი 2019 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება - იტყობინება ცხინვალელი ჟურნალისტი.

ქართველი ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. მას მიენიჭა ორთვიანი პატიმრობა. თავად ექიმი არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ დააყენა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებში 10-11 დეკემბერს და ასევე განიხილეს პრაღაში ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შეხვედრის დროს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები