ახალი ამბები
მობილიზება გორიდან და აქცია თბილისში
გორიდან აქციაზე მმართველმა გუნდმა 3000-ზე მეტი ადამიანი მობიზილება შეძლო. ამის შესახებ გორის მერმა განაცხადა.

სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქიდან წასული ავტობუსები და მიკროავტობუსები გორი-ხიდისთავის გზაზე შეგროვდა. ამ გზით კი, მცხეთის მიმართულებით გაემართნენ.

მგზავრებს შორის არიან პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, საჯარო მოხელეები, მერის წარმომადგენლები სხვადასხვა თემებში, ასევე, მმართველი გუნდის მხარდამჭერები.

სახალხო დამცველის განცხადებით, 14 დეკემბერს ქართული ოცნების ორგანიზებულ აქციაზე ა(ა)იპ-ებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ზეწოლითა და იძულებით ჩაყავთ.

ლომჯარია აცხადებს, რომ ეს ფაქტი კონფიდენციალობის დაცვის პირობით რეგიონებში მოქალაქეებმა დაადასტურეს.

"მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ", — წერია ლომჯარიას განცხადებაში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მსგავსი ქცევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია კონფედენციალურად მიაწოდეს, არ შეუძლიათ პროკიურატურისთვის მიმართვა გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება. პარალელურად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები".

გარდა ამისა, ობმუდსმენი მოუწოდებს მოქალაქეებს შესაძლო ზეწოლის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს. სახალხო დამცველი გამოთქვას მზაობას, სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს მათ საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვის პროცესში.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთა, პარტიის მხარდაჭერით, შაბათს აქციას მართავს, რომელზეც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა უნდა იზეიმონ. ამ ღონისძიებაზე არ არიან მიწვეული ევროპელი დიპლომატები და მხოლოდ პარტიის მხარდამჭერები შეიკრიბებიან. რაც შეეხება თავმდჯომარეობას, ეს ტიტული საქართველოს რეგლამენტის მიხედვით და ანბანის შესაბამისად ერგო.
ავტორი: გიორგი ცერაძე

Print

სტატიის გამოყენების პირობები