დავით ქაცარავას გორის პროკურატურამ ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთთან (სოფელი ბობნევი) მომხდარ ინციდენტის ფაქტზე დავით ქაცარავას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ბრალის წარდგენის შესახებ, მას პროკურატურიდან აცნობეს. საქმე ეხება 5 თვის წინ მომხდარ ფაქტს:

,,ალბათ გახსოვთ, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, სოფელ ბობნევში ხელისუფლების მოგზავნილი ტიტუშკების თავდასხმა მოეწყო ჩემზე. მას შემდეგ გავიდა 5 თვე. გუშინ დამირეკეს გორის პოლიციიდან და დამიბარეს "საგამოძიებო მოქმედებაზე" იგივე ამოცნობაზე. რა თქმა უნდა დღეს ჩავედი ამ პროცედურაზე. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, როდესაც ვაპირებდი წამოსვლას, ჩემთვის მოულოდნელად მაცნობეს, რომ უნდა წარმიდგინონ ბრალი 126/1. ტკენიათ ტიტუშკებს რაღაც." - აღნიშნავს ქაცარავა.

ქაცარავა ბრალს არ აღიარებს. მუხლი ითვალისწინებს ცემას ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

,,ჩემზე 2019 წლის 20 აგვისტოს განხორციელდა თავდასხმა, მე კი თავს ვიცავდი."- აღნიშნავს მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი. მას ბობნევში (ახალი ხურვალეთი) დათა ვანიშვილთან მედიკამენტები მიქონდა, რა დროსაც 5 ახალგაზრდა თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

„წამოვედი ბობნევში, მარტო, დათა პაპასთან წამლები უნდა მიმეტანა. ჩემი აქ მოსვლის შესახებ მხოლოდ შსს-ს პრეს-სამსახურმა იცოდა. პოლიციის ეკიპაჟი შემომყვა დათა პაპასთან. მანქანის გაჩერება ვერ მოვასწარი რომ იქვე მყოფი 4-5 კაციანი ახალგაზრდების ჯგუფი დამხვდა, რომლებიც ეგრევე აგრესიულად მომვარდა და დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი „გაეთრიე აქედან, რატომ გვირევ აქ სიტუაციას, აქედან წაეთრიე და შემაგინეს“, რის შემდეგაც გამარტყეს, ბუნებრივია საპასუხო მიიღეს, ჩხუბი გაიმართა.ერთი უკნიდან მომეპარა ზურგიდან და წამაქცია, რის შემდეგაც მომცვივდნენ და ხელებით და ფეხებით დაიწყეს რტყმევა. რამდენიმე დარტყმა თავში მომხვდა, მოვახერხე წამოდგომა და ვიგერიებდი მათ. ისინი არიან მოგზავნილი ტიტუშკები. ჩემთვის აშკარაა, რომ ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ეს ადამიანები იქ შემთხვევით არ იყვნენ, ზუსტად იცოდნენ როდის და სად მოვიდოდი. „- განაცხადა 20 აგვისტოს ქაცარავამ
Print

სტატიის გამოყენების პირობები