ახალი ამბები
ერეკლე კუხიანიძემ გამყოფი ხაზის გადაკვეთა უშედეგოდ სცადა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხულმა ერეკლე კუხიანიძემ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოდან საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ერეკლე კუხიანიძე ამილახვრების სასახლის მეპატრონეა, რომელიც ქვემო ჭალაში მდებარეობს. საკორინთლო სწორედ ქვემო ჭალის თემში შედის.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ტყეში დაიკარგა და იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. კუხიანიძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა დღესაც სცადა, მაგრამ ამჯერად ამის უფლება სამართალდამცველებმა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

„სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს. უნდა გადავსულიყავი იქ და ისეთ სიტყვებს ვიპოვიდი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ", - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

კუხიანიძემ ანატოლი ბიბილოვის მისამართით რუსულად თქვა, რომ ექიმმა მათი „კანონები“ დაარღვია, „თუმცა უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და გავათავისუფლოთ ეს ადამიანი".

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს.

გუშინ უმრავლესობის წევრ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიჭრნენ და კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეები კუხიანიძის გადადგომას მოითხოვდნენ. მათ კაბინეტში გააკრეს სტიკერები, წარწერით „შეცვალე“ და „ვაჟა ექიმი გმირია“. პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა.

16 დეკემბერს ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო ბოდიში მოიხადა. მანამდე მან Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტი ემოციურ მდგომარეობას დაუკავშირა.
ფოტო: ანა შეპკინა, ტელეიმედი
Print

სტატიის გამოყენების პირობები