ახალი ამბები
ნაფიცმა მსაჯულებმა თემურ მანველიშვილი გაამართლეს
გორის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა თემურ მანველიშვილი გაამართლეს. ნაფიცი მსაჯულების მოსაზრებით, გორის მერიის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა არ ჩაუდენია.

ნაფიცი მსაჯულები სამოქალაქო აქტივისტს გიგა მახარაშვილს გასულ კვირას მოუსმინეს. პროცესი სწორედ გასულ კვირას დაიწყო. თემურ მანველიშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობდა. ნაფიცი მსაჯულების შერჩევა კი რამდენიმე თვე გაგრძელდა.

გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს ვედრო ჩამოამხო. პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ 16 იანვარს ცნეს.

მანველიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 8 თებერვალს მიიღო. პროკურატურამ კი ბრალი 9 თებერვალს წაუყენა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ" ნაწილით ჰქონდა წაყენებული. ამ მუხლით ბრალდებული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

მუხლის ფორმულირება ასეთია - "პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს."

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები