გორში პარკინგის წესების დარღვევის გამოვლენის მიზნით მობილური ჯგუფი მოძრაობს
რამდენიმე დღეა ქალაქში მობილური ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც პარკინგის წესების დარღვევის გამოვლენის მიზნით მოძრაობს. ამ ეტაპზე ახალგაზრდების ჯგუფი ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ სიტუაციას სწავლობს.

პარკინგის სამსახურში გვითხრეს, რომ 4-წევრიანი ჯგუფი 1 ოქტომბრიდან გამოჩნდა, აქტიურ მუშაობას კი ნოემბრიდან შეუდგნენ. თავდაპირველად, მობილური ჯგუფის წევრები მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ.

,,ამ ეტაპზე მობილური ჯგუფის წარმომადგენლებმა 7 ნოემბრიდან დღემდე 400-მდე ოქმი შეადგინეს, ნახევარი თითქმის გადახდილია. ჯგუფი ძირითადად პარკინგის წესების დარღვევას აქცევს ყურადღებას" - გვითხრეს ცხელ ხაზზე.

როგორც ირკვევა, ხშირია კონფლიქტური სიტუაციები, თუმცა პარკინგის სამსახურში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაციის ნაკლებლობის გამო ხდება:

,,უკმაყოფილებას ძირითადად რაიონიდან ჩამოსული მძღოლები გამოთქვამენ, ქალაქელები ყველაფერს გაგებით ეკიდებიან" - აცხადებენ სამსახურში.

პარკინგის წესები გორში მოკლედ:

ავტოტრანსპორტი, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ექვემდებარება:

თუ ავტომობილი გაჩერებულია „დგომა აკრძალულია “ და „გაჩერება აკრძალულია “ საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული
ადგილიდან გადაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს;

თუ ავტომობილი გაჩერებულია ფასიანი პარკირების ზონაში 12 საათზე მეტ ხანს და არ არის გადახდილი პარკირების საფასური;

თუ ავტომობილი გაჩერებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ პარკირების ადგილზე და ავტომობილზე არ არის შესაბამისი საცნობი ნიშანი დამაგრებული;

თუ ავტომობილის პარკირება ხელს უშლის საგზაო მოძრაობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს;

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევის შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას;

ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები