გორში 77-წლის ქალი ამბობს, რომ რძალმა სახეში ოთახის ფეხსაცმლით სცემა
,,იმ დღესვე დავრეკე 112-ში, მაგრამ არავინ მოვიდა. მეორე დღეს ჩავედი ვარიანში, სადაც პირადად ვაცნობე პოლიციას" - აღნიშნა 77-წლის ქალბატონმა, რომელიც აცხადებს, რომ დისშვილის მეუღლემ მას ოთახის ფეხსაცმლით სცემა.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, სადაც სახლში ორი ოჯახი ცხოვრობს:

,,მე პირველ სართულზე ვცხოვრობ, ეგენი მეორეზე. ბიჭი ჩემი დისშვილია. მაგის ცოლმა მცემა სახეზე." - აღნიშნავს ქალბატონი. მას ქმარ-შვილი არ ყავს.

როგორც ირკვევა, კონფლიქტი საცხოვრებელი სახლის საკუთრებასთან დაკავშირებით წარმოიშვა:

,,მანამდე კარგი ურთიერთობა გვქონდა. სახლი მთლიანად დისშვილმა დაისაკუთრა. ჩემი და გარდაცვლილია. ბინაში გაზი ვერ შემყავდა ცალკე, იმიტომ, რომ საკუთრებაში არაფერი მაქვს. შეშაც არ მაქვს, რომ ვიყიდო. მოვითხოვე ჩემი წილი. ეს სახლი მე და ჩემი დის აშენებულია. ამის შემდეგ წამოვიდა აგრესია და კონფლიქტი რძლისგან" - იხსენებს 77-წლის ქალბატონი.

ყვება იმასაც, რომ ერთ დილას საღორედან ყვირილის ხმა შემოესმა:

,,როგორც გითხარით, პირველ სართულზე ვცხოვრობ. დილით ხმა გავიგონე, რომ ჩემი დისშვილის ცოლი მლანძღავდა. გავიხედე გარეთ და როგორც კი დამინახა რძალმა, ჩექმა აიღო და მესროლა. ამცდა ეს ჩექმა. შემდეგ კიბეებისკენ წავიდა. მე გავედი გარეთ. სადღაც კიბის მესამე საფეხურზე იმყოფებოდა, მოტრიალდა ჩემსკენ, გაიხადა ჩუსტი და ისიც მესროლა. მე ჩუსტი ძირიდან ავიღე, რომ აღარ წაერთმია. გამომართვა ჩუსტი და სახეში მირტყა. დამილურჯდა თვალი, ლოყა, ტუჩები. ვეღარ მოვითმინე და დავრეკე პოლიციაში" - აცხადებს ქალბატონი.

პოლიციამ საქმეზე მოკვლევა მეორე დღეს დაიწყო. ძალადობის მუხლით რძალი (დისშვილის ცოლი) დააკავეს. მას აღკვეთი გირაოს გარეშე შეუფარდეს. ამჟამად, რძალი განაჩენს ელოდება.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ძალადობის კვალი რძალსაც აღენიშნებოდა. მსუბუქი დაზიანების კვალი ექსპერტიზამ დაადგინა:

,,უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაზარალებული არ უცემია. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მასაც ჰქონდა მსუბუქი დაზიანების კვალი, ფაქტობრივად, შერეული ბრალი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამაზე არ გვიბრძოლია. ამჟამად, შერიგებულები არიან, რძალი უვლის მოხუცს და ცდილობს მაქსიმალურად ურთიერთობა დაარეგულიროს. არ არის დარეკილი 112-ში. პოლიციაში მხოლოდ მესამე დღეს ჩავიდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულად ცნობილ ქალბატონს შემაკავებელი ორდერი ორჯერ აქვს გამოწერილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. რეალურად, ბევრი ისეთი დეტალი აქვს მოყოლილი ამ ქალს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. სიღრმისეულად თუ ჩავწვდებით ამ საქმეს, რეალურად, დაზარალებული რძალი უნდა იყოს, ვიდრე მისი მეუღლის დეიდა" - აცხადებს ბრლდებული ქალის ადვოკატი.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები