დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ექიმის დაკავების გამართლებას ცდილობს
იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ხელისუფლებას და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობაში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ დაკავების გამართლებას ცდილობს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება არ უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას.

ამის შესახებ განცხადებას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ექიმი პროვოკაციაზე შეგნებულად წავიდა. განცხადების ოფიციალური ვერსიის თარგმნას რადიო ,,თავისუფლება" აქვეყნებს.

„უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები, ზემოქმედების ადმინისტრაციული ზომების გამოყენების შემდეგ, დადგენილი წესით გადაეცემიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. რაც შეეხება გაფრინდაშვილს, მისი ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელთა გამო იხდის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასჯელს და ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს მის პროფესიულ საქმიანობას. გაფრინდაშვილი არის ჩვეულებრივი კანონდამრღვევი, სხვადასხვა ძალის შიდაპოლიტიკური ბრძოლის მძევალი და ჩვეულებრივი პროვოკატორი და არა გმირი, როგორც მის წარმოჩენას ცდილობენ სამშობლოში.“

„მსგავსი პროვოკაციები ხდება ზუსტად სხვადასხვა საარჩევნო კამპანიის წინ. გაფრინდაშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს პროვოკაციის ახალ სახეობასთან. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ფლობს სანდო მონაცემებს, რომ ქართული სპეცსამსახურები ეძებენ და ჰუმანიტარული პროფესიების ე.წ. იდეურ მოხალისეებს სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ უბიძგებენ მსგავსი დანაშაულისკენ. სამწუხაროა, რომ ცნობილი თბილისელი ექიმი, რომელსაც ცხადად ჰქონდა გააზრებული ამ პროექტის შედეგები, პროვოკაციაზე შეგნებულად წავიდა და ამით დააკმაყოფილა გარკვეული პარტიის პოლიტიკური მოთხოვნილება შიდა ოპონენტებზე ზეწოლის გასაძლიერებლად. შედეგი ცნობილია - საქართველოს მხოლოდ ყველაზე ზარმაცმა პოლიტიკოსებმა არ ისარგებლეს ამ სიტუაციით, რათა პოლიტიკური რეიტინგი გაიუმჯობესონ“. - აღნიშნულია განცხადებაში.

ცხინვალში ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე მიიღეს. სხდომას ფატიმა პარასტაევა ხელმძღვანელობდა. გაფრინდაშვილი სასამართლო დარბაზში თავის ადვოკატ ვლადიმერ ფიდაროვთან ერთად იმყოფებოდა.

ექიმს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლი სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით - სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რაც ისჯება ჯარიმით, იძულებითი შრომით ვადით ორ წლამდე ვადით ან პატიმრობით იმავე ვადით.

ქართველი ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. მას მიენიჭა ორთვიანი პატიმრობა. თავად ექიმი არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ დააყენა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებში 10-11 დეკემბერს და ასევე განიხილეს პრაღაში ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შეხვედრის დროს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები