,,მივხვდით, რომ ტურიზმზე უნდა ვიფიქროთ“ - ბობნევი
ანა და ლონგინოზ ქერდიყოშვილები რამენიმე თვეა სახლის გადაკეთებით არიან დაკავებულნი. როგორც ცოლ-ქმარი ამბობს, დადგა დრო, როდესაც, როგორც ტანას ხეობის მცხოვრებლებმა, ტურისტებზე დაიწყეს ფიქრი.

,,ადრე ძალიან ძნელი იყო იმაზე ფიქრი, რომ როდესმე ამ საქმიანობით დავკავდებოდით, მაგრამ ახლა უკვე სხვაგვარად ვფიქრობთ. ჩვენ ისეთ ადგილზე ვცხოვრობთ, სადაც ტურისტი მუდმივად მოძრაობს. გვქონდა კიდეც შეხება ტურისტულ კომპანიასთან და მივხვდით, რომ ტურიზმში დიდი პოტენციალია“ - ამბობს ლონგინოზ ქერდიყოშვილი.

ოჯახის წევრებმა სტუმრებისთვის მოაწყეს სამზარეულო, საძინებელი, სველი წერტილები. ეზო ნაძვნარია, იხდება არაყი. ქალბატონი ანა ფიქრობს, რომ ეზოს თონეც მოუხდება.

,,ჯერ-ჯერობით, ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერს ვერ გავწვდებით. საჭირო იქნება გარკვეული შეღავათები სახელმწიფოს მხრიდან, რომ ხარჯები ტვირთად არ დაგვაწვევს. მთავარია, წყალი იყოს მუდმივად, შემოიყვანონ ბუნებრივი აირი. გზა სოფლამდე ნორმალურია.“ - აცხადებს ანა ქერდიყოშვილი -შავაძე.

 

ბობნევი

სოფელი ბობნევი მდინარე ტანას ხეობაში მდებარეობს. დაშორება ყველა დიდი სოფლიდან, ატენიდან 5-7 კმ-ია. გზად უამრავი კოტეჯი (რესტორანი) შენდება. ბობნეველები ამბობენ, რომ ერთია, როცა ადამიანი დასასვენებლად ამოდის, მეორეა როდესაც მას დასარჩენი ადგილები არ ეგულება.

ამჟამად, ბობნევი ძალიან მცირერიცხოვანი სოფელია. ამ სოფლიდან მიდის გზა ბიისის ჩანჩქერისკენ და თერმულ წყლებამდე.

,,იყო დრო, როდესაც აქ უამრავი ოჯახი ცხოვრობდა. ნაწილი დაიცალა 90-იან წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ნაწილს კი, ძირითადად, ახალგაზრდებს უმუშევრობამ და უპერსპექტივობამ დააცლევინა სოფელი“ - ამბობს ანა ქერდიყოშვილი - შავაძე.



Print

სტატიის გამოყენების პირობები