ახალი ამბები
ვაჟა გაფრინდაშვილი: ,,საკვებს ადგილობრივი მოსახლეობა მიგზავნიდა"
,,ადგილობრივი მოსახლეობის გამოგზავნილი საკვებით ვიკვებებოდი. მე ციხის საკვებს არ ვიღებდი. წამოსვლისას დიდი მადლობა გადავუხადე და ბოდიში მოვუხადე, რომ ჩემ გამო შეაწუხეს." - განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მან ჟურნალისტებთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა გამყოფი ხაზის მიღმა; როგორ დააკავეს, სად მოათავსეს, როგორც ექცეოდნენ, რა ინფორმაციას იღებდა პატიმრობის პერიოდში ჰქონდა და საბოლოოდ როგორ დასრულდა მისი პატიმრობა.

,,დიდი მადლობა ყველას, ცოტას ვნერვიულობ, არ ვარ მიჩვეული სახალხო გამოსვლებს. დიდი მადლობა ყველას, მხარდაჭერისთვის. ზოგჯერ შევძელი ქართული არხების ნახვა, ისიც პირველ არხს იჭერდა. ვიცოდი, რომ იქნებოდა მხარდაჭერა, მაგრამ ამხელა მხარდაჭერას არ ველოდი. მოლოდინს ბევრად გადააჭარბა." - ამ სიტყვებით დაიწყო ექიმმა ბრიფინგი.

კითხვაზე, თუ როგორ დააკავეს, ვაჟა გაფრინაშვილმა აღნიშნა:

,,ჩემი ავადმყოფის ნახვა მინდოდა, სამწუხაროდ გვარს არ ვიტყვი. როცა დამაკავეს, იქ უკვე ვუთხარი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში. სოფლის ორღობეში დამაკავეს რუსმა მესაზღვრეებმა. პირველივე დღიდან ჩემი პოზიცია იყო, რომ არ დამირღვევია საზღვარი. მე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ვიცი საზღვრის გადაკვეთა რას ნიშნავს, რუს მესაზღვრეებს ეს ვუთხარი, რომ მე ვიმყოფებოდი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ." - განაცხადდა ექიმმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ექიმი დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა, ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს:

,,შეწყალების მოთხოვნა მე დავწერე გუშინ საღამოს. როცა შეწყალებაზე იყო საუბარი, მე ვუთხარი, რომ შეწყალება ხომ იმას ნიშნავს, რომ ვაღიარებ დანაშაულს, მე არ ვაღიარებ. მოდი ისე დავწეროთო, რომ არ იყოს აღნიშნული აღიარება. განსხვავება ერთადერთი ის იყო, რომ ვიყავი მეათასე დაკავებული, მეკუთვნოდა ტურისტული მოგზაურობა." - აღნიშნავს ექიმი.

მისი განმარტებით, პირველი ოთხი დღე მოთავსებული იყო მესაზღვრეების ,,კაპეზეში":

,,ვიყავით ოთხნი, კარცერში სამი დღე გავატარე. სასამართლოს შემდეგ წინასწარი დაკავების განყოფილებაში გადამიყვანეს. ერთადგილიანში ვიყავი, მარტო გამოვყავდი სასეირნოდ. დამოკიდებულება იყო ნორმალური. დაცვის თანამშრომლები თუ ვინც იყო, აგრესია არ ჰქონდა ჩემდამი. ჩემთან ორნი იყვნენ ნაცემნი, ისინიც აღშფოთებულნი იყვნენ რუსების ქმედებაზე." - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები