ქარელში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი თვენახევრის შემდეგ გარდაიცვალა
ქარელში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი თვენახევრის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ qartli.ge-ს დევნილთა დასახლებიდან აცნობეს.

ფაქტი 2019 წლის 1 ნოემბერს მოხდა. მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში, მძიმე ხარისხის დამწვრობის გამო, იყო მოთავსებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აფეთქება ქარელში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე დევნილთა კორპუსში მოხდა.

,,ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანდა 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩაიმსხვრა მინები. ასევე, დაზიანდა ეზოში მდგარი 1 ავტომობილი“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები