ახალი ამბები
შინდისში ორ პოლიციელს ორი მოქალაქე დაკავების დროს გაექცა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ორი მოქალაქე, პოლიციელებთან შეკათამების შემდეგ, ადგილზე ვერ დააკავეს. სამართალდარღვევად ცნობილი პირები მხოლოდ დღეს დილით მოათავსეს იზოლატორში.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ფაქტი კი, დღეს გორის სასამართლოში განიხილეს. სამართალდამრღვევები დილით დააკავეს.

პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ:

,,ორნი ვიყავით, ვიმყოფებოდით სოფელ შინდისში და ვასრულებდით ჩვენს მოვალეობას. ამ დროს ჩვენს მანქანასთან ორი მოქალაქე მოვიდა, ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. ერთ-ერთმა გვითხრა, მომეცი უფლება, რომ მანქანაზე დავჯდე და სახლამდე მივიდეო. ჩვენ რა თქმა უნდა არ მივეცით ამის უფლება. საჭესთან ნასვამი მძღოლის დაჯდომის უფლებას არ მივცემდით. ამის გამო, მეორე მათგანმა შეგვაგინა, რის შემდეგაც ვცადეთ დაკავება" - აღნიშნულია პოლიციელის ახსნა-განმარტებაში, რომელსაც დღეს სასამართლოში გაეცნენ.

მეორე პოლიციელი აცხადებდა, რომ ჯგუფმა მათი დაკავება საბოლოოდ ვერ შეძლო. ,,ვერ დავაკავეთ, რადგან გაგვიწიეს წინააღმდეგობა და გაიქცნენ" - აუხსნეს სასამართლოს პოლიციელებმა.

საბოლოოდ, ორივე, 40 წლამდე ასაკის მამაკაცები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლების საფუძველზე, დაჯარიმდნენ (1000 ლარი - პოლიციელებისთვის წინააღმდგეობის გაწევა)
Print

სტატიის გამოყენების პირობები