ახალი ამბები
2019 წელს გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 371 მოქალაქე დააკავეს
გასულ წელს გამყოფ ხაზთან მოქალაქეთა დაკავების 371 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამათგან უმრავლესობა ის მოქალაქეები არიან, რომლებიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. დანარჩენები კი - საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.

იანვარი - 44
თებერვალში 31;
მარტში - 45;
აპრილში - 63;
ივლისში - 46;
აგვისტო-სექტემბერში - 19,
ოქტომბერი - 39
ნოემბერი - 48
დეკემბერი - 36

ოსური მედიის ცნობით, დაკავებულების უმრავლესობას სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე წაუყენეს ბრალი. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ მიმართ ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციები გამოიყენეს.

ჯერჯერობით უცნობია, სტატისტიკურ მონაცემები შეიცავს თუ არა დაკავებების განმეორებით ფაქტებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის მიერ შედგენილი ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ 607 ადამიანი.

ე.წ. სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ მოქალაქეს, ,,კგბ"-ს სპეციალური ნებართვის გარეშე, თბილისისკენ ან პირიქით, გადაადგილება არ შეუძლია. აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა (პასპორტი) საკმარისი აღარ არის.

წესი ვრცელდება შემდეგ სოფლებზე: ზემო არცევი, (ცხინვალის რაიონი), სინაგური, მალი, პერევი, ქარზმანი - ჯავის რაიონში; ღდულეთი, ახმაჯი, მოსაბრუნი, ნაგომევი, სალბიერი და ახალგორი - ახალგორის რაიონში.

ფოტოზე: ღობე სოფელ გუგუტიანთკართან, დამონტაჟებულია 2019 წელს (ავტორი - უკრაინის საელჩო)

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები