ახალი ამბები
,,მეუფე ანდრია პირდებოდა ჩემ ძმას“ - თორნიკე მამალაძის პასუხი ეპისკოპოსს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მეუფე ანდრია (გვაზავა) მის ძმას პრობლემების მოგვარებაში დახმარებას პირდებოდა. ამის შესახებ მან გადაცემა ,,მთავარ აქცენტებში“ ისაუბრა.

თორნიკე მამალაძემ იმ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც მეუფე ანდრიამ შობას ჟურნალისტებს უთხრა. ეპისკოპოსი იმედოვნებს, რომ ციანიდის საქმეში მსჯავრდებული გიორგი მამალაძე მომავალ შობას სახლში შეხვდება.

,,სად არიან ახლა ის პატრიოტი ეპისკოპოსები? დღეს მეუფე ანდრია გამოვიდა და საზოგადოებას, ჟურნალისტებს ურცხვად უთხრა, რომ მომავალ შობასო დეკანოზი ოჯახში შეხვდებაო. ეს უსირცხვილო ადამიანია. კარგი რომ სდომოდა, აქამდე ამოიღებდა ხმას. პრეზიდენტის მიმართ ერთი შენიშვნა არ გააკეთა, რომელმაც ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა. მაშინ როდესაც ეს ადამიანი, მეუფე ანდრია გვაზავა იმ სინოდის სხდომას ესწრებოდა, სადაც ხელი მოაწერეს და უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მსჯავრდებულზე სინოდს არასდროს უმსჯელია, იმ სინოდზე იჯდა მეუფე ანდრია და პრეზიდენტის მიმართ ერთი შენიშვნა არ ქონია. გამოვიდა და დაგვცინის, ჩემ პარალიზებულ ძმას დასცინის მეუფე ანდრია გვაზავა და მისნაირები, ქუთათელ-გაენათელები და ასეთები.“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

გადაცემის დროს საუბარში ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი პეტრეც ჩაერთო:

,,რომლებიც იყვნენ თანამოაზრეები და თანამებრძოლები მამა გიორგის თავისუფლებაში ყოფნის დროს საპატრიოარქოში არსებულ პრობლემებთან ბრძოლაში“ - დასძინა ჭყონდიდის ყოფილმა ეპისკოპოსმა მეუფე პეტრემ იმავე გადაცემაში.

,,მეუფე ანდრია გვაზავა პირდებოდა ჩემ ძმას, რომ ის პრობლემები, რაც უშუალოდ პატრიარქს ეხება, მეუფე ანდრია გვაზავაც ფლობს ამ ინფორმაციებს. მეუფე ანდრია გვაზავა ეუბნებოდა ჩემ ძმას, რომ ჩვენ ამ პრობლემებს მოვაგვარებთ, აუცილებლად მოსაგვარებელი არისო, ეს პრობლემები შენამდე ვიცოდიო, მამაოს ეუბნებოდნენ, მაგრამ ვერ ვახერხებდით ამ პრობლემებზე საუბარს, იმიტომ, რომ მტკიცებულებები არ გვქონდაო. ჩემმა ძმამ მტკიცებულებებიც დაუდო. ის წერილები, რაც ჩემმა ძმამ ციხიდან გამოაგზავნა, პატრიარქს მეუფე ანდრია გვაზავამ შეუტანა. პატრიარქს უთხრა მეუფე ანდრია გვაზავამ, რომ შენზე მამალაძე რეებს საუბრობსო“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ გადაცემაში ,,მთავარი აქცენტები“.

შეგახსენებთ, 7 იანვარს, ალილოს მსვლელობის შემდეგ გორის ეპარქიის წინამძღვარმა კომენტარი გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ.

,,რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს წმინდა სინოდმა, ეკლესიის წმინდა სინოდმა, სადაც პირველი ინიციატორი იყო თვით კათოლიკოს პატრიარქი, რომელმაც დააყენა ეგ საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე. სიმართლე რომ გითხრათ, პირადად მე ველოდებოდი შეწყალებას, პრეზიდენტის კოპეტენციაში მე ვერ ჩავერევი და კომენტარსაც ვერ გავაკეთებ იმ არგუმენტებზე, რომელიც მან გააჟღერა, იმიტომ, რომ მან იცის ამის თაობაზე. საუბარი რომ მქონოდა და მეკითხა, მაშინ შემეძლებოდა საუბარი, მხოლოდ ჩემ აზრის გამოვთქვამ, დანარჩენი ამის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და გამოთქმული აზრები, რა გითხრათ, ეს მეჩვენება, ზოგიერთი ადამიანის ტვინის ნაჟურად, არ მიკვირის ოჯახისაგან, თასთავად, მათ გული დასწყდათ, ეს მოლოდინი გაუცრუვდათ, მე მჯერა, რომ მომავალ შობას შეხვდება. იმედი მაძლევს ამის იმედს. მე არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადებისთვის, როდესაც მოვისმენ, მაგის შემდეგ ჩამომიყალიბდება აზრი. გაცხადებული არგუმენტები პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, ჩემი ნალაპარაკევი იქნება მხოლოდ მოსაზრებები და ჩემი ამოფრქვეული სიბრძნეები" - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

საშობაოდ შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე არ მოხვდა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები