სოფელ წინარეხში ახალი სკოლა შენდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხს 2020 წლის ივლისში ახალი, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ექნება.

სოფელ წინარეხის ამჟამინდელი საჯარო სკოლა 1882 წლის 1 იანვარს საქართველოში წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ იქნა დაარსებული და მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გასულ წელს მიენიჭა.

1882 წლიდან მოყოლებული სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს ჩატარებია.

ამჟამინდელ სკოლაში დაზიანებულია კედლები, ჩავარდნილია იატაკი და წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩადის.

წინარეხის საჯარო სკოლის დირექტორის ვასილ კეშელაშვილის თქმით, სანამ ახალ სკოლას ჩაიბარებენ, მანამდე ისევ ძველ სკოლაში გაგრძელდება სასწავლო პროცესი.

,,ახალი სკოლის მშეწნებლობა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2020 წლის ივლისში დამთავრდება. ამჟამად სკოლაში გვყვავს 16 მოსწავლე. ჩვენ სკოლაში ორი სოფლის მოსწავლეები დადიან. მოგეხსენებათ 2010 წელს თელადგორში გაუქმდა სკოლა და ის მოსწავლეებიც ჩვენს სკოლაში გადმოვიდნენ. პირველ კლასში გვყვავს 2 მოსწავლე, დამამთავრებელ კლასშიც ორი. სასწავლო პროცესი ისევ ავარიულ შენობაში განახლდება და მანამდე ვიქნებით აქ სანამ ახალი სკოლა არ ჩაგვბარდება,“-აღნიშნა Qartli.ge-სთან საუბარში წინარეხის სკოლის დირექტორმა ვასილ კეშელაშვილმა.


ასეთი იქნება სოფელ წინარეხის ახალი საჯარო სკლოა


წინარეხის ამჟამინდელი საჯარო სკოლა
Print

სტატიის გამოყენების პირობები