სოფელ ჩორჩანაში ოპოზიციის წარმომადგენლები არ შეუშვეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჩორჩანაში ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციამ არ შეუშვა. ამის გამო, ოპოზიციის წარმომადგენლები და პოლიციის თანამშრომლები შეკამათდნენ.

გორის საკრებულოს წევრმა, ვასილისა ჯაბახიძემ პოლიციის განყოფილების უფროსს, კობა ცერცვაძეს ,,ბიძინა ივანიშვილი" უწოდა. პოლიციის მაღალჩინოსნამა განაცხადა, რომ სადემარკაციო სამუშაოები არ განახლებულა თუმცა, ეს ინფორმაცია მოგვიანებით სუსმა დაადასტურა. პოლიცია ოპოციის წარმომადგენლებს სოფელ ქვემო ბროლოსანში, საჯარო სკოლის შენობასთან დახვდა.



დღეს, ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებოდნენ ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში.

დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსები ქართული საგუშაგოების მიმართულებით მიიწევენ და სავარაუდოდ რამდენიმე თვეში ახალი საოკუპაციო ხაზის შიგნით შეიძლება მოაქციონ ეს საგუშაგოები.

,,ჩვენ დავაფიქსირეთ წაღვლი - ჩორჩანის ტყეში ღობეების დამონტაჟების მიმდინარე პროცესი. შეგახსენებთ, რომ რუსები მიიწევენ ზუსტად იმ მიმართულებით, რომლითაც მოაქცევენ ქართულ საგუშაგოებს ახალი საოკუპაციო ხაზის შიგნით. სავარაუდოდ, ეს მოხდება გაზაფხულზე, მანამდე კი უკვე მიტაცებულ ტერიტორიებს შეღობავენ. ჩვენი ხელისუფლება კი კვლავ შეეცდება ჩვენ განეიტრალებას,ამ ხერხებზე მოგვიანებით ვისაუბრებ,“- ამბობს დავით ქაცარავა.

ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს)-ის სამსახურში ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება.

,,აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები, 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები, მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე." - აღნიშნულია სუს-ის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

,,მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს." - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები