გორის მე-12 სკოლის პედაგოგი ლელა წურწუმია აშშ-ში სასწავლო ტურში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით IVLP პროექტს ”სკოლის მასწავლებლების როლი 21-ე საუკუნეში”, საქართველოს რესპუბლიკიდან განათლების სფეროში მომუშავე ხუთი ადამიანი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.

მათ შორის, გორის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლელა წურწუმია.

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან: აშშ-ში არსებულ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მომავალი მასწავლებლების მომზადებაზე, ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ არსებული მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, სკოლის საბჭოს წარმომადგენლებისა და განათლების სფეროს სხვა სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და სერტიფიცირებაზე.

,,ვიზიტის მონაწილეები შეისწავლიან სკოლის ბაზაზე არსებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების წარმატებულ მოდელს ამერიკულ პროგრამებს მასწავლებელთა კორპუსისასთვის, რომლებიც ეფექტიანად, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ახდენენ კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვას ეკონომიკურად შეჭირვებულ და ეთნიკურად მრავალფეროვან თემში ზემოთ აღნიშნულ პრაქტიკის გაცნობის შემდეგ, ვიზიტის მონაწილეები მიიღებენ ახალ ცოდნას, რომლის ადაპტირებასაც მოახდენენ საქართველოში ადგილობრივად არსებული კონტექსტის შესაბამისად, რათა იგი გამოიყენონ საკუთარ სამუშაო პრაქტიკაში. ამით პროგრამის მონაწილეები დადებით როლს ითამაშებენ საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირებისა და რეფორმების განხორციელების პროცესში." - აღნიშნავენ სკოლაში.

სასწავლო ტურის მიზანია შემდეგი საკითხების შესწავლა: როგორ მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ კვალიფიციური სკოლის დირექტორები და მასწავლებლები; როგორ წავახალისოთ განათლება ეკონომიკურად შეჭირვებულ და სოფლად არსებულ ლოკაციებში; როგორ შევიმუშავოთ და განვახორციელოთ პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა; როგორ წავახალისოთ უწყვეტი განათლება და პროფესიული განვითარება სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებში; როგორ უზრუნველვყოთ და მუდმივად გავაუმჯობესოთ სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხარისხი.

პროგრამის ხანგრძლივობა 2020 წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით. პროგრამის ფარგლებში ვიზიტები დაგეგმილია შემდეგ ქალაქებში - Washington DC; Baltimore; Tulsa; Portland; Seattle; Boston. პროგრამის ადმინისტრირებას უწევს ჯეიმს ჰორსმანი და დელანა დინაპოლი. მსოფლიო სასწავლო პროგრამა მუშაობს პროგრამის ოფიცერთან ნაომი ფეიგენბაუმთან და სახელმწიფო კოორდინატორთან ტონია უოლესთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები