ახალი ამბები
შიდა ქართლში 37-წლის ქალმა თვითმკვლელობა სცადა - ბრალდებულია ქმარი
შიდა ქართლის პოლიციამ მეუღლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ამის შესახებ qartli.ge-ს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1978 წელს დაბადებული ა.რ-ს ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობაში, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მეუღლეზე - 1983 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ზე სისტემატურად ძალადობდა. ასევე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლისა და 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები