ახალი ამბები
ხურვალეთში პოლიციელს მოქალაქემ რკინის სკამით სცემა - პროკურორი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც, პროკურორის მტკიცებით, პოლიციელებს სკამით სცემა. ამის შესახებ გორის პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ბალიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქესა და სამართალდამცველებს შორის, ჩხუბი იმ დროს მოხდა, როდესაც შს სამმართველოს ხურვალეთის განყოფილების თანამშრომლები ჯ.ჯ-სთან დაკავების მიზნით მივიდნენ. ჯ.ჯ-ს სახლში პოლიციელები მაშინ მივიდნენ, როდესაც ხურვალეთში ქურდობა მოხდა.

,,ბრალდებულმა ჯ.ჯ-მ 2019 წლის 9 აპრილს ერთ-ერთ ბინაში უკანონოდ შეღწევის შედეგად განახორციელა ბინიდან ნივთების გამოტანა, რომლის საერთო ღირებულებამაც 150 ლარს გადააჭარბა. საგამოძიებო პროცესის ჩატარების შემდეგ პოლიციამ 25 აპრილს დააკავა ჯ.ჯ.. ბრალდებული დაკავებისას გახდა აგრესიული, პოლიციის თანამშრომლებს დანით ემუქრებოდა, შემდეგ მან აიღო რკინის კონსტრუქციის სკამი, რითაც პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.“-აღნიშნა საქმის პროკურორმა თორნიკე ბალიაშვილმა.

ექსპერტიზის დასკვნით, პოლიციის თანამშრომელს რკინის სკამის ფეხი ბარძაყში და მხარში მოხვდა და დაზიანება მიიღო.

საგამოძებო უწყება მოქალაქე ჯ.ჯ.-ს ორი მუხლით ედევება - ესენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილი (ქურდობა) და 353-ე პრიმა მუხლი (პოლიციის მიმართ წინააღმდგეგობის გაწევა).

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები