ახალი ამბები
გორში 24-წლის მამაკაცს მეგობარი გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ედება ბრალი
გორის პოლიციამ დააკავა 1996 წელს დაბადებული თ.გ. რომელსაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, ინტერნეტის საშუალებით მისი გამოყენებისა და გავრცელების, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ბრალი წაუყენეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ყოფილ მეგობარ ქალს - 2001 წელს დაბადებულ ა.გ.-ს შერიგებას სთხოვდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ.გ.-ს მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

,,ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, კვლავ სთხოვდა ა.გ.-ს შერიგებას, უარის მიღების შემდეგ კი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში უკანონოდ ატვირთა და გაავრცელა." - აღნიშნულია შს-ს განცხადებაში.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები