ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბ მართვის მოწმობებს და საგამოცდო ბარათებს მიაგნო
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 აშშ დოლარის საფასურად გაასაღა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები