ახალი ამბები
გორში ფულის გამოძალვის მიზნით ქალის გატაცებაში 3 მამაკაცს ედება ბრალი
გორში, ნაფიცი მსაჯულები იხილავენ საქმეს, რომლის მიხედვით, 3 მამაკაცს 22-წლის ქალის გატაცებასა და უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ედებათ ბრალი.

პროკურორ ია მეფარიშვილის მტკიცებით, ძმებმა ბექამ და ლაშამ, ასევე, მათმა მეგობარმა რომანმა, 22 წლის ასაკის ნანა თბილისში მანქანით გაიტაცეს.

ბრალდებულები აცხადებენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ, რადგან თბილისში ყველა ერთად ტაქსით საკუთარი სურვილით წავიდნენ, რათა ენახათ მევალე, ნანას მეუღლე ლაშა.

ბრალდებულების ადვოკატი ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ ნანას მეუღლეს ჰქონდა ვალი, რომელსაც არ აბრუნებდა და იმალებოდა. ,,ბიჭები სწორედ მევალეს ეძებდნენ და მის სანახავად თბილისში ტაქსით წავიდნენ, მათ შორის, დაზარალებული“ - ამბობს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

დაზარალებულად ცნობილი გოგონა აცხადებს, რომ იგი სოფლიდან თბილისში ტაქსით მიდიოდა. ამ დროს ტაქსს გზა გადაუღობეს, ჯერ სოფლის გზაზე, შემდეგ სასაფლაოების მხარეს. წაართვეს მობილური ტელეფონი. მას, როგორც ფეხმძიმეს, გაუჩნდა მუქარის რეალური შიში და იძულების წესით გაყვა თბილისში.

ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ გატაცება არ ყოფილა. მისი ინფორმაციით, სოფლიდან თბილისამდე ისე იარეს, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არ ყოფილა.

ეს არის ამბის მოკლე ისტორია, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები ისმენენ და მალე ვერდიქტს გამოიტანენ. მათი ვერდიქტის მიხედვით, ბრალდებულებს ან დააპატიმრებენ, ან გაამართლებენ.



ვალის ამბავი

ამბავი, რომლის გამოც, პოლიციამ გამოძიება დაიწყო 2019 წლის 3 მარტს მოხდა. მოწმეთა დაკითხვით ირკვევა, რომ შემთხვევიდან რამდენიმე დღით ადრე ბრალდებულებმა შეიტყვეს, რომ გოგონას ძმის ოჯახმა კომბინატის დასახლებაში ბინა გაყიდა, თუმცა ლაშა ვალს არ აბრუნებდა. ვალის დაბრუნების მიზნით, ისინი მივიდნენ ლაშას მეუღლესთან, ნანას შეხვდნენ და მისი მეუღლის ადგილსაყოფელის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვეს.

დაზარალებულები ვალის არსებობას კატეგორიულად უარყოფენ. ისინი მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ, რომ თბილისში ტაქსით გატაცება შესაძლოა, სწორედ, თანხას უკავშირდებოდა.

გზა ტინისხიდიდან თბილისამდე - დაზარალებულის ვერსია

ნანა 22-წლის, დაზარალებული: ,,2019 წლის 3 მარტს ჩემი ძმის ცოლმა, ანამ მითხრა, რომ ჩავსულიყავი თბილისში სასტუმრო ჯორჯია სთარში, სადაც თვითონ იმყოფებოდა. ჩვენ უნდა გვეყიდა ტანსაცმელები და შემდეგ წავსულიყავით ახალციხეში ჩემს ნათესავებთან. ანამ ტაქსი თავად გამომიგზავნა რომელიც სახლთან მელოდებოდა. მე ჩემი ნივთები სოფელ ტინისხიდში ჩემი ქმრის საცხოვრებელ სახლში უნდა გადამეტანა და ამის შემდეგ წავსულიყავი თბილისში იმავე ტაქსით, რაც ანამ გამომიგზავნა.“

,,სოფლის გზაზე მანქანამ გზა გადაგვიღობა, მოვბრუნდით და ჩვენ წავედით სასაფლაოების მხრიდან, იქაც ჩაგვიხერგეს გზა და გასვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ამ დროს ბექამ გამოაღო მანქანის კარი, ხელში იარაღი ეჭირა და მითხრა, გადმოეთრიე მანქანიდანო. ავნერვიულდი, რა დროსაც გადამათრია მანქანიდან, თან მითხრა, რომ ვიცი ორსულად ხარ და საკუთარ თავზე თუ არ ფიქრობ, ბავშვზე მაინც იფიქრეო. შემეშინდა, მუქარა რეალურად აღვიქვი და წინააღმდეგობა არ გამიწევია. გამიყვანეს მინდორში, გამჩხრიკეს, მითხრეს წაგვიყვანე ანისთანო. შეამოწმეს ჩემი ტელეფონის მესიჯები, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ნამდვილად ანისთან მივდიოდი.“

,,ჩამსვეს იმ ტაქსიში, რითიც მე ვმგზავრობდი. წინ ბექა დაჯდა, მე უკან ჩამსვეს. მარცხნივ რომა და მარჯვნივ ბექას ძმა დამიჯდა. ჩემი ტელეფონი ბექას ძმას ქონდა. რადგან მე თბილისის ქუჩები არ ვიცი, ანა დიღომში არსებულ ნიკორას მაღაზიასთან უნდა დამხვედროდა, რის გამოც ხშრად რეკავდა და მეკითხებოდა, თუ სად ვიყავი. ამ დროს ერთ-ერთი მათგანი ტელეფონს ხმამაღალი მოსმენის რეჟიმზე რთავდა და ისე ვესაუბრებოდი ანის, რომ არაფერს მიმხვდარიყო.“

,,როცა თბილისში ჩავედით, ანი ნიკორას მაღაზიასთან დაგვხვდა. მე მანქანიდან გადავედი და ანის ვუთხარი, რომ არაფერს დაუშავებდნენ და უბრალოდ დალაპარაკებოდა მათ. მერე მე ისევ ჩამსვეს მანქანაში და ანისთან დაიწყეს ლაპარაკი. რას ესაუბრებოდნენ, არ ვიცი. ანი მანქანაში არ ჯდებოდა, რაზეც თქვეს - ელექტროშოკი მივადოთ და ჩავაგდოთო. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ ანი დაითანხმეს მანქანაში ჩაჯდომაზე. შემდეგ ანიმ უთხრა, რომ სასტუმროში, სადაც ის იყო გაჩერებული, ნივთები ქონდა და მისი გამოტანის შემდეგ გაყვებოდა გორში.“

,,ბიჭები დათანხმდნენ და მიიყვანეს სასტუმროსთან. მეც ვუთხარი, რომ ანის ავყვებოდი ნომერში და დავეხმარებოდი ტანსაცმლის ჩალაგებაში. ჩემი კუთვნილი პასპორტი გამომართვეს და ისე აგვიშვეს სასტუმროს ნომერში. რა დროსაც ანიმ პოლიციაში დარეკა და დახმარება ითხოვა. ამ დროს ანის ვკითხე, თუ რა უნდოდათ ამ ბიჭებს მისგან, რაზეც ანიმ მიპასუხა რომ სავარაუდოდ ბინა რომ გაყიდა, იმის ფული უნდოდათ. შემდეგ მოვიდა საპატრულო ეკიპაჟიც და დაიწყეს ჩვენი გამოკითხვა.“



რას საუბრობენ მოწმეები

ანა: (დაზარალებულის რძალი) - ,,ბრალდებულებს ვიცნობ ერთ უბანში ვცხოვრობდით ანწუხელიძის ქუჩაზე. ასევე ვიცნობ დაზარალებულს, რომელიც ჩემი მულია. ბინაც ანწუხელიძის ქუჩაზე მქონდა, რომელიც გავყიდეთ მე და მამაჩემმა 26 თებერვალს. 3 მარტს ჩემს მულს ნანას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ თბილისში ჩამოსულიყო, ტანსაცმელი გვეყიდა და მხოლოდ ამის შემდეგ წავსულიყავით ახალციხეში. თან ნანა მეუღლესთან ნაჩხუბარი იყო. მეშინოდა საკუთარი თავისთვის რამე არ დაეშავებინა, ვცდილობდი მარტო არ დამეტოვა. მე მას ტაქსი გავუგზავნე და ვუთხარი, სადაც უნდა ჩამოსულიყო. ნანა აგვიანებდა და ხშირად ვურეკავდი. ვერ ვიეჭვე, რომ ვინმესთან ერთად მოდიოდა. როცა მოვიდნენ ჯერ ნანა გადმოვიდა მანქანიდან, შემდეგ ბექა და მითხრა გორში გავყოლოდი მათ, თუმცა ზუსტად რის გამო, ეს არ ვიცი. ვივარაუდე, რომ სახლი რომელიც გავყიდე, ამის გამო მთხოვდნენ გორში დაბრუნებას.“

გიორგი (ანას მამა): ,,ბრალდებულებს დიდი ხანია ვიცნობ, რაც შეეხება დაზარალებულს, იგი ჩემი შვილის მულია. სახლი გავყიდე 28 თებერვალს. ნასყიდობის ხელშეკრულება გაკეთდა 28 თებერვალს და ბინის საფასური 12 000 აშშ დოლარი იმ დღესვე მომცეს. რეგისტრაცია დასრულდა 4 მარტს. ამ თანხიდან 7 000 აშშ დოლარი მივეცი ჩემს ბიზნეს პარტნიორს, ხოლო დანარჩენი შევინახე ჩემს პირად ნივთებთან ერთად, რომლის ადგილმდებარეობაც არავინ იცოდა. რაც შეეხება 3 მარტს მომხდარ ამბავს, ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე 5 ან 6 მარტს. ზუსტად არ მახსოვს. მხოლოდ იმის შესახებ მითხრეს, რომ ნანა იძულებით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს თბილისში, რათა შეხვედროდნენ ჩემს შვილს. სხვა დეტალები მე არ ვიცი.“



ბრალდებულების ადვოკატი: ,,ჩვენ გავმართლდებით“

ბრალდებულების, ბექასა და ლაშასას, ასევე, რომას ადვოკატები აცხადებენ, რომ ადგილი არ ჰქონდა თავისუფლების აღკვეთას, არც გატაცებას. ბრალდებულებს სურდათ ნანას მეუღლის ნახვა, რომელსაც ბიჭების მიმართ ვალი ჰქონდა. თბილისში წაყვანა მოხდა მათი ნება-სურვილით, ხოლო პოლიციაში იმიტომ დაირეკა, რომ მევალეები მოეშორებინათ:

ნოდარ ცინცაძე: (ბრალდებულების ადვოკატი): ,,ბრალდებები აუცილებლად გაქარწყლდება და ჩვენ მივიღებთ გამამართლებელ ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულებისგან. ამის საფუძელს გვაძლევს ის მტკიცებულებები, რაც აქამდე გამოვიკვლიეთ და რასაც შემდგომში გამოვიკვლევთ. პროკურატურა ედავება თავისუფლების უკანონო აღკვეთას გატაცებას და იძულებას. აქამდე ბრალი ვერ დაუმტკიცდათ, იმიტომ რომ არ აქვთ მტკიცებულებები. რეალურად მოხდა ის, რომ ბრალდებულების ვალი ქონდა ნანას მეუღლეს ლაშას. ლაშა ემალებოდა მათ და ვალს არ უბრუნებდა. ტელეფონს არ პასუხობდა, გამორთო ტელეფონი. ამის შემდეგ ამ ადამიანებმა მიაკითხეს ამ პიროვნებას სახლში, გორში, სადაც დახვდათ მისი მეუღლე ნანა, რომელიც ტაქსით მიდიოდა თბილისში. ლაშა და მისი მეუღლე ნანა კარგად იცნობდნენ ბრალდებულებს. მეტიც ისინი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ამიტომ ნანას უთხრეს, რომ ენახებინათ მისი მეუღლე ვალთან დაკავშირებით და იმავე ტაქსით წავიდნენ ერთად თბილისში. ნანას ქმარი მათ არ შეხვდა, ისევ დაემალა. ხოლო ნანა შევიდა სასტუმროს შენობაში, საიდანაც დარეკა პოლიციაში. ხოლო ბრალდებულები წამოვიდნენ უკან. რაც შეეხება მევალეს, დღეს მოწმის სტატუსით იყო წარდგენილი პროცესზე და ამბობს, რომ მან მხოლოდ გადმოცემით იცის მისი მეუღლისგან, თუ რა მოხდა. თუმცა ის არაფრის შემსწრე არ არის. და არც ის იცის სიმართლე უთხრა მეუღლემ თუ ტყუილი.“

გიორგი (ნანას ძმა): ბრალდებულებს ვიცნობ კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთ უბანში ვცხოვრობთ. დაზარალებულებს რაც შეეხება, ანა ჩემი მეუღლეა, ნანა კი, - და. ჩემსა და ბრალდებულებს შორის პირადი წყენა არ ყოფილა. ჭორის დონეზე ვალის შესახებაც ვიცოდი. მითხრეს რომ ბრალდებულებმა ჩემი დის ქმარს, ლაშას ფული ასესხეს, მაგრამ პირადად ჩემთან არავინ მოსულა და ეს ფაქტი არ დაუდასტურებია. ვგულისხმობ ბრალდებულებს და დის ქმარს. 3 მარტის შემთხვევაზე მხოლოდ ის ვიცი, რაც ჩემმა დამ ნანამ მითხრა.

,,ის, რომ ჩემმა მეუღლემ და მისმა მამამ ბინა გაყიდეს, ეს ვიცოდი, თუმცა ამის შესახებ იყვნენ თუ არა ინფორმირებულები, ბრალდებულები არ ვიცი. მათი დაკავების შესახებაც გვიან გავიგე. რაც შეეხება 2019 წლის 3 მარტის შემთხვევას, მე მხოლოდ ის ვიცი, რაც მითხრა ნანამ. ვადასტურებ, რომ ნანამ თქვა, იარაღი ქონდათო, მაგრამ მე მის ნათქვამში ეჭვი მეპარება ჩემთვის იარაღის ფაქტი დაუჯერებელია. მე და ჩემმა ცოლმა ანამ სასტუმროში ღამე ერთად გავატარეთ. მეორე დღეს მე წამოვედი და არც ნანა და არც ბიჭები იქ არ მინახავს.“



არჩილი ტაქსის (ვერცხლილსფერი ოპელის) მძღოლი: ,,ბრალდებულებთან ურთიერთობა არ მაქვს და არც დაზარალებულებს ვიცნობ. თვე და რიცხვი ნამდვილად არ მახსოვს, წამოვედი ჩემი საცხოვრებელი სახლიდან რუისიდან. ავტობანზე გაჩერებიდან ავიყვანე მგზავრი. ქალბატონი იყო შვილთან ერთად და წავიყვანე კომბინატში. ამ დასახლებაში ჩვენი სამსახურის ბიჭები აკეთდებდნენ გზას. იქ შევჩერდი და ვესაუბრებოდი ჩემს თანამშრომლებს, რა დროსაც მოვიდა ჩემთან სამი პიროვნება და მითხრა, რომ უნდა ამეყვანა სადღაც, ქუჩა ზუსტად არ მახსოვს.“

,,მახსოვს კომბინატს რომ გაცდები, უნდა შეუხვიო ხელმარცხნივ. როცა იმ ქუჩაზე შევუხვიეთ, ჩემი ავტომანქანა და მერსედესის მარკის ავტომობილი შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ბიჭები გადავიდნენ მანქანიდან დაახლოებით, ორ სამ წუთში, უკან დაბრუნდნენ გოგონასთან ერთად. მე მანქანა გადავაყენე სხვა ადგილზე, რომელიც იყო დასახლებული. ამათმა დაიწყეს საუბარი. არ ვიცი ზუსტად რაზე საუბრობდნენ. მე როგორც აღვიქვი ვალზე იყო ლაპარაკი.“

,,ამ ბიჭებს უნდოდათ, ვიღაც მამაკაცის ნახვა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ქმარზე იყო ლაპარაკი თუ არა. გოგომ უთხრა, განახებთ ამ პიროვნებასო, მაგრამ ჩემი ტაქსით წავიდეთ, რადგან იმან იცის, რითიც უნდა ვიმგზავრო და სხვა მანქანაში რომ დამინახოს, დაიმალებაო.“

,,შემდეგ გადავიდნენ იმ მანქანაში ეს გოგონა და ორი ბიჭი. ჩვენ წავედით თბილისში, მერესდესის ტაქსი მიდიოდა წინ, მე მივყვებოდი უკან. მერსედესის ტაქსიში ისხდნენ გოგონა და ორი ბიჭი და ჩემთან დარჩა ერთი. შემდეგ ჩავედით ნიკორასთან, სადაც არის პოლიციის შენობაც. მე პოლიციასთან გავჩერდი. წინ გაჩერდა იმ გოგოს ტაქსი, მე უკან. გოგონა გადმოვიდა მანქანიდან, ათი წუთი საუბრობდა ტელეფონზე, მერე ჩაჯდა მანქანაში და ისევ წავედით.“

,,როგორც გაირკვა გზა შეგვეშალა და უკან მოვბრუნდით. მე ჩემი მანქანა სადგომზე გავაჩერე და იქ ველოდებოდი ამ ბიჭებს დაახლოებით ნახევარი საათი.“

,,იმ დღეს, როდესაც მე წამიყვანეს საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე, ვმუშაობდი აგარის ტერიტორიაზე ავტობანზე. მოვიდნენ პიკაპით და წამიყვანეს აგარის განყოფილებაში. როცა ჩამსვეს მანქანაში, ერთერთმა პიროვნებამ მითხრა, შენ არ იცი, რა შარში ხარ, დედა გაქვს მო......ო. შემდეგ წამიყვანეს განყოფილებაში და შემიქმნეს ისეთი წარმოდგენა, რომ კარგი არაფერი მელოდა. მეუბნებოდნენ, შენ არ იცი, ეს ბიჭები რა საქმეებში არიან გახლართულები და შენ დამნაშავეებს ხელს აფარებო. მოყევი გამოძებას, რომ ეს გოგონა გაიტაცეთ ძალით და ფულის გამოძალვა გინდოდათო. მე ვუთხარი, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და რომც მომხდარიყო, მე ამას არ გავაკეთებდი. არავის გავიტაცებდი თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა. ამის გამო, მე ჩვენება ამ დეტალებთან დაკავშირებით წინასწარ გამოძიებაში არ მიმიცია, რადგან მძიმე ოჯახური მდგომარეობა მქონდა. მამაჩემს ჰქონდა სიმსივნე. იყო ძალიან ავად და პოლიციაში დაკითხვებზე ხშრად სიარულის გამო ჩავთვალე რომ გავამწვავებდი ოჯახში არსებულ მძიმე მდგომარეობას. ამიტომ, რაც მოხდა, ახლა მოვყევი.“

Print

სტატიის გამოყენების პირობები