,,ძალა ერთობაშიას" ცნობით საოკუპაციო ნიშნულები ჩორჩანა-პერევის მიმართულებით გაჩნდა
,,უახლოეს ხანში ასეულობით ჰექტარი ტყე მოექცევა ოკუპანტების კონტროლირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კოლაბორაციონისტი მთავრობის ხელშეწყობით." - ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრები ავრცელებს.

მისი ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ უახლოეს ხანებში სპეციალურ საპრეზენტაციო შეხვედრასაც კი გამართავს. სოციალურ ქსელში ამის საილუსტრაციოდ ფოტოები გაავრცელა.

,,ჩვენ გვიწევს ჩავატაროთ პრეზენტაცია, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ მიტაცებულ ისეთ ტერიტორიას წარმოგიდგენთ, რომელიც არასდროს, თვით სსრ კავშირის დროსაც კი, არ შედიოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. ამჯერად ოკუპანტებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით თავიანთ კარგად ნაცად მეთოდს მიმართეს: ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ. თუმცა, უკვე დღეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ ფაქტიურად დაკარგა შესაძლებლობა შევიდეს იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ უპრობლემოდ გადაადგილდებოდა." - აღნიშნავს დავით ქაცარავა.

ქაცავარს მტკიცებით, ფოტო 2020 წლის იანვარსაა გადაღებული და მასზე უკვე პერევის მიმართულებით, ტყეში გადაღებული მონიშვნებია გამოსახული.

,,საოკუპაციო ხაზიდან შემოჭრის სიღრმე შეადგენს საშუალოდ 240 მეტრს, ხოლო ჩორჩანა-პერევის საოკუპაციო ხაზის სიგრძე რამდენიმე ათეული კილომეტრია. ამ და სხვა ნიშნულების გამოვლენისა და პრევენციის ნაცვლად, ხელისუფლება ჩვენი შეზღუდვითაა დაკავებული, თუმცა, ატოციდან ჩვენი გაყვანისა და საოკუპაციო ზოლზე გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, ჩვენი გუნდი აგრძელებს 940 დღის წინ დაწყებულ სამოქალაქო პატრულირებას და წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას." - აღნიშნავს ქაცარავა.

ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერ კომენატრი არ გაუკეთებია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები