გუგუტიანთკარში დაახლოებით 100 სიგრძეზე ახალი ღობეები გაავლეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში დაახლოებით 100 მეტრის სიგრძეზე გაავლეს ახალი ღობეები, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

დღეს დილით კი, შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა მედიის წარმომადგენლები სოფელში შეუშვა.

,,გუშინ გამოჩნდა დაახლოებით 5 სამხედრო მოსამსახურე, იმუშავეს და ღობეების გავლება გუშინვე დაასრულეს" - აცხადებენ ადგილობრივები.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია” - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ღობეების მონტაჟი 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში დაიწყო. ამ ღობეების გავლების შედეგად, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ორი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები