,,არ დავტოვებ ახალგორს" - თამარ მეარაყიშვილი მშობლიური რაიონიდან გაძევების საფრთხის წინაშე დგას
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობის შესახებ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ის მშობლიური რაიონიდან გაძევების რეალური საშიშროების წინაშე დგას, რადგან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ (უმაღლესმა ინსტანციამ) საკითხის ხელახალი შესწავლა მოითხოვა და გამამართლებელი განაჩენი გააუქმა:

,,ჩემი მდგომარეობა არაა დამამშვიდებელი, ჩემი მშობლიური რაიონიდან გამოძევების რეალური საფრთხის წინაშე და ვითხოვ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ დასრულდეს ჩემი დევნა. მოვითხოვ, მსოფლიოს ადამიანის უფლებების დამცველმა უმაღლესმა პირებმა გააკეთონ განცხადებები და იცოდნენ, რისთვისაც მსჯიან - სხვისი უფლებების დაცვა. თქვენ, მეგობრებო გთხოვთ გააზიაროთ - ცოცხალი ჩემს ბინას, ჩემს რაიონს არ დავტოვებ!" - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

შეგახსენებთ, 2020 წლის 17 იანვარს ცხინვალში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, თამარ მეარაყიშვილს არ დაუმტკიცდა წარდგენილი ბრალი სამხრეთ ოსეთის პასპორტის უკანონო შეძენასთან დაკავშირებით. ამასთანავე, თამარ მეარაყიშვილი გამართლდა ცილისწამების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

,,პასპორტთან დაკავშირებული პირველ ინსტანციაში დააბრუნდა განსახილველად. სასამართლოზე იყო მინიშნება ჩემი საცხოვრებელი რაიონიდან გაძევების საკითხის დაყენებაზე- ეს იყო მიზეზიც ჩემი დაპატიმრებისა. დღეს 21 იანვარია. არაერთმა მედიამ დამითმო დრო და ადგილი, ტელევიზიებმა პირდაპირი ეთერით მომცეს საშუალება მესაუბრა ამ საფრთხეზე, გამომეხმაურნენ ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეკითხებიან - რა შეიძლება გაკეთდეს ამის შესაჩერებლად, მაგრამ დუმს, როგორც მთელი ჩემი დევნის პერიოდი - ხელისუფლება. ამ დუმილში კარგად გამოხატავენ ზიზღს და მიუღებლობას, რაც ჩემს მიმართ დაუგროვდათ - როგორც ბიბილოვისთვის, მათთვისაც მიუღებელი ვარ, მათაც დისკომფორტს ვუქმნი მოუგვარებელი პრობლემების გახმოვანებით. დუმდა ხელისუფლება, როცა გავუჩინარდი, როცა ს/ს საქმეებს წერდა ჩემს წინააღმდეგ ბიბილოვის პროკურატურა, როცა სოციალური ქსელით ვითხოვდი ადვოკატის, ტელეფონის, სასამართლოზე დასასწრებ გზის ხარჯს... ამის პარალელურად მინისტრი ჩემზე ამბობდა, რომ წლების განმავლობაში გადატანილი სტრესის გამო არაადექვატური გავხდი და ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ძალიან გვეცოდება ასე რომ დაემართა. და ამის პარალელურად თხზავდა ჭორებს და თავადვე ახდენდა ტირაჟირებას ჩემი მარგინალიზაციისთვის. რატომ?- არ არსებობს ადამიანი? არ არის პრობლემა." - წერს თამარ მეარაყიშვილი.

ცხინვალის საქალაქო სასამართლომ, ჯერ კიდევ, 2019 წლის 16 ოქტომბერს თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. თამარ მეარაყიშვილს წარდგენილი ჰქონდა ბრალი ჯერ ცილისწამების მუხლით: ,,ცილისმწამებლობა, ანუ მასმედიაში მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ცილისწამებას ახდენს სხვა ადამიანის ღირსებასა და ღირსებას მედიაში”.

შემდეგ კი, ბრალი წაუყენეს ”ოფიციალური დოკუმენტის უკანონო შეძენის” ფაქტზე. ,,ოფიციალური დოკუმენტში" იგულისხმება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტი, რომელიც გამოძიების თანახმად, თამარამ შეიძინა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროს.

,,ეხო კავკაზასთან" საუბარში თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ აპირებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში.

16 იანვარს 2 წელი და 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თამარ მეარაყიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის შინაპატიმრობაში იმყოფება. მეარაყიშვილის თქმით, გამომძიებლები არ არიან კმაყოფილი მისი სამოქალაქო მდგომარეობით, ისევე როგორც მისი ,,ეხო კავკაზასთან" ხშირი კომუნიკაციის გამო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები