გამყოფ ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თბილისში ტოივო კლაარი შეხვედრებს მართავს
ფოტოზე: საოკუპაციო ღობეები სოფელ გუგუტიანთკარსა და დისევს შორის, ავტორი დავით ქაცარავა

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარე - ტოივო კლაარი თბილისში იმყოფება. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი და მისი მოადგილე ირაკლი ანთაძე ესწრებოდნენ.

,,მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლზე. ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობა. განსაკურებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას." - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ტოვიო კლაარის ვიზიტს დაემთხვა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში დაახლოებით 100 მეტრის სიგრძეზე ახალი ღობეების მონტაჟის ფაქტი. ფაქტის დასაფიქსირებლად, დღეს დილით, შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა მედიის წარმომადგენლები სოფელში შეუშვა.

,,გუშინ გამოჩნდა დაახლოებით 5 სამხედრო მოსამსახურე, იმუშავეს და ღობეების გავლება გუშინვე დაასრულეს" - აცხადებენ ადგილობრივები.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია” - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ღობეების მონტაჟი 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში დაიწყო. ამ ღობეების გავლების შედეგად, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ორი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები