ახალი ამბები
გორის სიახლოვეს ძაღლებს მასიურად ტოვებენ
დოესი-გორის გზაზე, იქ სადაც მაგისტრალი მინდორზე გადის, ძაღლებს ხშირად ტოვებენ. ამის გამო, გზის აღნიშნული მონაკვეთი მძღოლებისთვის განსაკუთრებით საფრთხილოა.

,,შავი ცუგო“ ერთ-ერთია იმ ძაღლებს შორის, რომელსაც ,,ზედაველის მინდორზე“ ერგო იძულებითი ცხოვრება. გზაზე ჩამოსმის შემდეგ, ერთ-ერთ ფიცრულს მიაგნო და იქ დაიდო ბინა. ჩვენ ის მაშინ შევნიშნეთ, როდესაც ფიცრულის წინ მზეზე თბებოდა.

ეს ფარდული 3 წლის წინ გააკეთეს, მის ახლოს ხეხლის ახალი ბაღი იყო გაშენებული. მეურნეობამ არ გაამართლა. პატარა ფარდული კი, ამ მდგომარეობაში დარჩა. ,,შავი ცუგო“ დღეს იქ მარტო ცხოვრობს.

მიუსაფარი ძაღლების პრობლემა გორში აქტუალური მას შემდეგ გახდა, როდესაც მუნიციპალური სერვისების მიწოდების სააგენტო შეიქმნა. ე.წ. ძაღლთა თავშესაფრის გაკეთების შემდეგ, გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლების რაოდენობამ იმატა.

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ აფციაური ამბობს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მანქანებით მოყავთ ძაღლები და გორთან ტოვებენ, იმ იმედით, რომ მათ თავშესაფარში მოათავსებენ.

გასულ წელს ქალაქ გორში 750 ძაღლი დაიჭირეს და გაასტერილეს, ან კასტრაცია ჩაუტარეს. მიუხედავად ამისა, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა მაინც მატულობს. ამის მიზეზად მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენელი, მოქალაქეების მხრიდან, დაუფიქრებელ ქმედებებს ასახელებს.

იოსებ ხაბელაშვილი საკრებულოს კომისიის სხდომაზე დაიბარეს და მისგან ანგარიში მოისმინეს. ხაბელაშვილის მოთხრობილმა ისტორიებმა საკრებულოს წევრები გააოგნა. თვითმმართველობის წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აუცილებელია სერვისების სააგენტომ შეიძინოს დამაძინებელ-დამჭერი თოფები. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ თითო თოფის შეძენა მაქსიმუმ 3 ათასი ლარი დაჯდება.

გორის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოყვანილ ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაციას გორში ახდენენ.

,,ვინაიდან ახალციხეში, მათ შორის, არც ხაშურში და სხვაგან არ აქვთ თავშესაფარი იძულებული არიან გორში ჩამოიყვანონ და ოპერაცია აქ გაუკეთონ. მერე, სხვათა შორის, უკან მივდევ, რომ სადმე გზაში არ ჩამოსხან" - აცხადებს იოსებ ხაბელაშვილი. მან დაინახა, თუ როგორც ჩამოსვა ერთ-ერთი მანქანიდან რამდენიმე ძაღლი ავტომანქანიდან, რომელც ,,ჰაიდელბერგცემენტი" ეწერა.

,,მერე მეხვეწებოდა, პატრულს არ დაურეკოო. ფაქტობრივად, აქ სამკურნალოდ ჩამოყავთ, მაგრამ მერე უკან მიყავთ" - აცხადებს იოსებ ხაბელაშვილი.

საკრებულოს წევრის, თამარ მურალოვის ინიციატივით, ბიუჯეტში დამჭერი თოფების შესაძენად, თანხა გამოიყოფა. ,,ჩვენი ბიუჯეტისათვის 3000 ლარი არაფერი თანხაა" - აცხადებს თამარ მურალოვი. შესაბამისი განკარგულების პროექტის მომზადება გორის მერიას დაავალეს, საკრებულო კი, დაამტკიცებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები