ახალი ამბები
,,შეცვალე" - გორის თეატრში ოპოზიციური მოძრაობის სახელთან გაიგივებული სპექტაკლის დადგმა გრძელდება
2020 წლის 1 თებერვალს, გორის თეატრის სცენაზე 20 საათზე გაიმართება. ამის შესახებ qartli.ge-ს თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

,,ეს ის სპექტაკლია, რომელიც საზოგადოების ნაწილის, არაშემოქმედებითი ინტერესის ობიექტი გახდა და ერისთავის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გააგრძელებს დადგმას" - გვითხრეს თეატრში.

იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპექტაკლი რეპერტუარიდან მოიხდა სახელწოდების გამო; სოციალურ ქსელში ისიც აღინიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელწოდება ,,შეცვალე" ოპოზიციური პარტიების სახელწოდებასთან გააიგივეს.

თუმცა, სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ სპექტაკლი დროებით შეწყდა მსახიობების როლების გადანაცვლების გამო.

რაც შეეხება 1 თებერვალს დაგეგმილ ჩვენებას, ის საქველმოქმედოა და სოფელ ვარიანში მცხოვრები თულოშვილების შეჭირვებული ოჯახის დასახმარებლად ტარდება. ბილეთის ფასი 10 ლარია. თანხა მთლიანად გადაირიცხება ოჯახის დასახმარებლად.

,,ესაა ერთობლივი აქტივობა ერისთავის თეატრისა და საქველმოქმედო ფონდის "ცხოვრება მშვენიერია" - პროექტის ფარგლებში #მოდითეატრში" - აღნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები