ახალი ამბები
,,შეგვიყვანეთ ტყვიავის თემში" - ქერეს მოსახლეობის პროტესტი
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობა ითხოვს, რომ დასახლება ტყვიავის ადმინისტრაციულ ერთეულს დაექვემდებაროს. ამის შესახებ მოსახლეობამ 27 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მას შემდეგ, რაც სოფელი მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შეიყვანეს, ქერეში არაფერი გაკეთებულაო - ამბობენ ადგილობრივები.

კობა თოდაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ქერედან საარჩევნოდ მხოლოდ ხმები ჭირდება. ის 27 იანვარს, პირველ რიგში, ჟურნალისტებთან შეხვედრას ითხოვდა. აპროტესტებდა იმას, რომ სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობამდე პოლიცია მედიას არ უშვებდა.

,,სად არის ტელეკომპანია იმედი? მაგათ არხს რომ ვუყურებ, ყველაფერი შენდება, თქვენ გიყურებთ და ინგრევა ქალაქი" - უთხრა კობა თოდაძემ ცენტრალური, თანაც ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს.

 

რა აწუხებს ქერეს მოსახლეობას?

ქერეში მსგავსი მასშტაბური სახის აქცია გასულ წელს სასწავლო წლის დაწყების დღეს გაიმართა. მოძველებული სკოლის წინ, მშობლები ამბობდნენ, რომ შენობაში ბავშვებს არ შეუშვებდნენ. ითხოვდნენ, შენობის რეაბილიტაციას, რომელიც დიდი ხნის წინ, უნდა ჩატარებულიყო.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ქერეს სკოლა დაიკეტა. მოსწავლეთა ნაწილი მერეთის, ხოლო ნაწილი - ტყვიავის საჯარო სკოლებში გადანააწილეს.

უფროსკლასელი ნუგზარ ელიკაშვილი ამბობს, რომ მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურება, თუმცა, იმდენად მოუწესრიგებელი მიკროავტობუსია, რომ მისით მგზავრობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული:

,,ისიც უნდა ითქვას, რომ მერეთის სკოლაში ფართი არ გვყოფნის. მოსწავლეთა ნაწილს გაკვეთილები დერეფნებში უტარდებათ" - ამბობს ნუგზარ ელიკაშვილი. გარდა ამისა, მანძილის სიშორის გამო,  სახლში გვიან ბრუნდებიან და გაკვეთილების მომზადებასაც ვერ ასწრებენო.

,,ეს ბავშვები მეორე ცვლაში დადიან. სახლში საღამოს 7 საათზე ბრუნდებიან. ამ დროს უკვე დაღამებულია. რა აზრის აქვს ასეთ სიარულს? დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ ბავშვები არ გავუშვათ სკოლაში" - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა, ნატალია ბეღელურმა.

ხელისუფლების წარმომადგენლების მოლოდინში

ქერეს მოსახლეობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიციის საგუშაგოს წინ იყო შეკრებილი. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდებოდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, მათთან გორის მერი კოტე თავზარაშვილი და გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ გულედანი მივიდნენ. 

,,2020 წელი იქნება ქერეს წელიწადი" - განაცხადა გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა. ის ჯერ მოსახლეობას ესაუბრა, შემდეგ, ჟურნალისტებს: ,,მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მოსახლეობამ იცის ყველაფერი, რაც უნდა გაკეთდეს ამ სოფელში. ვიწყებთ გზის მშენებლობას, დაიწყება საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მუშაობა. ასევე, მოხდება სკოლის რეაბილიტაცია, თუმცა, ამაზე პასუხი განათლების სამინისტრომ უნდა გასცეს. რაც მთავარია, გადაწყვეტილია, რომ ქერეს  მიენიჭოს მთის სტატუსი" - განაცხადა გორის მერმა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები