ახალი ამბები
ხაშურში დაკავებული ძებნილის გადაცემას მოსკოვის პროკურატურა ითხოვს
დღეს, 2020 წლის 31 იანვარს, რუსეთის მოქალაქეს, კ.ო-ს, საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუვიდა და მოსკოვში გაამგზავრებენ. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის 23 იანვარს მიიღეს.

განჩინების მიხედვით, მოსკოველი ძებნილი 2019 წლის 31 ივლისს ხაშურის ტერიტორიაზე დააკავეს. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა ჯერ 3 თვით, შემდეგ კიდევ 3 თვით.

მანამდე, 2019 წლის 2 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციიდან, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ექსტრადიციის თაობაზე მოთხოვნა და საქმის მასალები მიიღო.

რა მოხდა მოსკოვში

2018 წლის 29 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიების სამმართველომ კ. ო-ს ბრალად დასდო იმაში, რომ ის ორგანიზებულ ჯგუფს მოსკოველი მოქალაქის ცემაში მიეხმარა.

2018 წლის 14 დეკემბერს მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით კ. ო-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინტერპოლის არხებით ძებნა კი, 2019 წლის 6 ივნისს გამოცხადდა.

მოსკოვის პროკურორის ბრალდება: ,,მოქალაქე დ. კ-მა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, გადაწყვიტა შ. კ-ზე თავდასხმა და დაშინების მიზნით მისთვის ჯანმრთელობის დაზიანება, რისთვისაც შეიმუშავა თავდასხმის გეგმა და მასში ჩართო სხვადასხვა პირი, მათ შორის კ. ო-ი, რომელმაც თანხმობა განაცხადა თავდასხმაში მონაწილეობაზე. შემუშავებული გეგმის მიხედვით, კ. ო-ს დაევალა თავდასხმის დროს გარშემო არსებული ვითარებისათვის თვალყურის დევნება და გარეშე პირების გამოჩენის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ თავდამსხმელებისათვის შეტყობინება, რათა მათ დროულად შეძლებოდათ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა."

ამავე პროკურორატურის ბრალდებით, 2017 წლის 11 ივნისს, მოსკოვში, კ. ო-ი და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები ავტომანქანებით გაემართნენ შ. კ-ის საცხოვრებელი სახლისკენ და 12 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, არტამონოვას ქუჩაზე შეაჩერეს ეს უკანასკნელი, რომელიც მ. გ-თან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნულმა პირებმა შ. კ-ი იქვე მდებარე ტერიტორიაზე გაიყვანეს, რის შემდეგაც ორგანიზებული ჯგუფის სულ მცირე შვიდმა წევრმა შ. კ-ს დაუწყეს ცემა, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დარტყმები და მისი ძირს დაცემის შემდეგაც სცემდნენ, შემდეგ კი მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

ასეთია მოსკოვის პროკურატურის ბრალდება, რომელიც საქართველოს გამოუგზავნეს, რათა გამართლებულიყო ექსტრადიცია.

გადაწყვეტილება ხაშურსა და თბილისში

არსებითი განხილვის დროს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კ. ო-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2020 წლის 31 იანვრამდე.

2019 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ შუამდგომლობით მიმართა და რუსეთის ფედერაციაში კ.ო-ს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კ. ო-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი.

ადვოკატების პოზიცია

სასამართლომ დაადგინა, რომ კ. ო-ის გადაცემის მოთხოვნა სრულად შეესაბამება 1993 წლის კონვენციის, 1957 წლის ევროპული კონვენციის და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლებს.

ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კონკრეტულად, სასამართლომ საკითხი გადაწყვიტა „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის დებულებებით, ნაცვლად 1993 წლის მინსკის კონვენციისა. რის გამოც კ. ო-ის სამართლებრივი მდგომარეობა დამძიმდა და დაირღვა ადამიანი უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი.

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - კ. ო-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა 2019 წლის 30 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართეს და ექსტრადიციის გაუქმება მოითხოვეს.

რომელია უპირატესი - ,,მინსკის" თუ ,,ევროპული კონვენცია"

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ექსტრადიციის საკითხებს აწესრიგებს როგორც 1993 წლის მინსკის კონვენცია, ასევე "ექსტრადიციის შესახებ" 1957 წლის ევროპული კონვენცია.

,,საქართველოს მხარეს უფლებამოსილება აქვს, ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, იხელმძღვანელოს როგორც ევროპული კონვენციით, ასევე ორივე კონვენციით ერთად. შესაბამისად, ქვემდგომმა სასამართლომ იხელმძღვანელა ევროპული კონვენციით დადგენილი მაღალი სტანდარტით, რასაც მინსკის კონვენცია არ ზღუდავს."- აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ცნობისათვის, კ.ო საქართველოს პრეზიდენტსა და შს სამინისტროს გამონაკლისი წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები