ახალი ამბები
ქვიშხეთში კერძო პირს 1 ჰა ფართობზე გვირაბის მშენებლობის ნარჩენები დაუყარეს
ქვიშხეთში გვირაბის მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ინერტული მასალა იმ ტერიტორიაზე დაყარეს, რომელიც კერძო პირს 20-წლიანი იჯარით აქვს აღებულია. მისი ინფორმაციით, იჯარით აღებული 4,7 ჰა ფართობიდან ინერტული მასალებით დაფარულია 1 ჰა.

კერძო პირი ითხოვს, რომ გვირაბის მშენებლმა კომპანიამ ტერიტორია ინერტული მასალებისგან გაათავისუფლოს. ამ მიზნით ხაშურის სასამართლოს მიმართა.

ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია, რომლის სახელწოდებაა ,,ჩინეთის 23-ე ბიურო" ვალდებულია 1 ჰა ფართობი პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნოს, რასაც არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე.

შპს ,,ჩინეთის 23-ე ბიუროს" წარმომადგენელი პასუხობს, რომ კომპანია გვირაბის მშენებლობას აწარმოებს საქართველოს რკინიგზასთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე და ნებისმიერ სამშენებლო ან სამშენებლო ნარჩენების განთავსების თაობაზე ნებართვას იღებს საქართველოს რკინიგზა.

,,კონკრეტულ შემთხვევაში, ნებართვა გაცემული იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. მანამდე საქართველოს გარემოსდაცვის სამინისტრომ გასცა შესაბამისი ნებართვა ზესტაფონი-ხაშურის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალიდან გამოტანილი გამონამუშევარი ქანების მითითებულ ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე." - აღნიშნულია გვირაბის მშენებელი კომპანიის პასუხში.

მისი წარმომადგენელი ასევე მიიჩნევს, რომ გვირაბის მშენებლობის პროცესში გამონამუშევარი ქანების განთავსება ხსენებულ ადგილზე მოხდა სათანადო ნებართვის საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ გვირაბის მშენებელმა კომპანიამ, ინერტული ქანების დაყრის თაობაზე, ხაშურის საკრებულოს მიერ გაცემული ნებართვები წარადგინა, სასამართლომ მას ამ ქანებისგან ტერიტორიის დაცლა დაავალა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები