ახალი ამბები
პირველი კადრები ჯავის რაიონში გახსნილი სათხილამურო ტრასიდან
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ჯავის რაიონის სოფელ წონასთან გახსნილ სათხილამურო ტრასიდან პირველი კადრები ვრცელდება.

ერთი წლის წინ გახსნილ კურორტს წელს ათეულობით ვიზიტორი ესტუმრა. ცხინვალელმა ბლოგერმა გურამ ქარსანთმა ვიდეო გადაიღო, სადაც ასახულია, თუ როგორ გამოიყურება სათხილამურო ველი.

მანამდე, სააგენტო ,,რესი" წერდა, რომ სოფელ წონასთან, 900-მეტრიანი ტრასა სათხილამურო კურორტისთვის შეარჩიეს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ზასეევი აცხადებდა, რომ მიმდინარე წელს ტრასა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით მოწესრიგდა, თუმცა დამსვენებლებს მისი გამოყენება ჯერჯერობით საბაგიროს გარეშე შეუძლიათ.

”ჩვენ, სათხილამურო კურორტის მოწყობისთვის, წონის ველი ერთი წლის წინ ავირჩიეთ. ფინანსური რესურსების არარსებობის გამო, ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი გეგმის სრულად განხორციელება. თუმცა, სათხილამურო ველი უამრავმა ადამიანმა მოინახულა და საბაგირო გზის არარსებობა თხილამურების მოყვარულებს ხელს არ უშლის" - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ.



იხ. ამავე თემაზე:

ჯავის რაიონში საბჭოთა კავშირის დროშა ფრიალებს (PHOTO)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები