ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ,,სუს"-ი ჟურნალისტებს კვლავ არ უშვებს
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მედიის წარმომადგენლებს კვლავ არ აძლევს შესვლის უფლებას. ,,სუს"-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სიახლე ამ კუთხით დღესაც არაფერია:

,,თუ რამე შეიცვლება, აუცილებლად შეგატყობინებთ." - განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

ჩვენს კითხვაზე, უსაფრთხოების დაცვის კუთხით, ვრცელდება თუ არა იგივე რეჟიმი გუბერნატორის და მერის მიმართ, ამის თაობაზე, პასუხი არ გაგვცეს.

4 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიცში, ქორდსა და არბოში, სოფლის კრებებს გუბერნატორი და მერი დაესწრნენ. მერიის პრეს-სამსახურის განცხადებით, შეხვედრებზე გარდა 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევისა, მოსახლეობისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას ვპასუხობდით.

ადგილობრივებმა ქორდში არბოსა და კვარხეთში გარეგანათების მოწყობა, დიცში კი საბავშვო ბაღის შენობის ნაწილისა და ეზოს რეაბილიტაცია აირჩიეს.

პროგრამის ფარგლებში დიცს 20 000, ქორდს 16 000, არბოსა და კვარხეთს კი 12 – 12 ათასი ლარი ერგო.

თანხები სოფლებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უნაწილდებათ.

სოფლის პროგრამის შესახებ:

სოფელი სადაც ცხოვრობს 200 - მდე ადამიანი ფინანსდება 10 000 ლარით. 12 000 ლარია გათვალიწინებული იმ სოფლებისთვის, რომლის მოსახლეობაც 200 - დან 400 ადამიანამდე მერყეობს. 16 000 ლარი ერგო იმ დასახლებულ პუნქტებს, სადაც 400 - დან 1000 - მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლები, რომლებიც 1000 - ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს ითვლის, 2020 წელს 20 000 ლარის დახარჯვას შეძლებენ.

პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ჯამში 1 596 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც 115 სოფელზე ნაწილდება. მათ შორის 79 - მა კონსულტაციების შედეგად ხმათა უმრავლეოსობით უკვე შეარჩია პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტების სოფლებში 10 - დან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები