ახალი ამბები
თამარ გვარამაძე - ტაქსის მძღოლი ხაშურიდან
თამარ გვარამაძე დილიდან საღამომდე მაღაზიაში მუშაობს, საღამოს 10-ის ნახევრიდან 2 საათამდე კი, ტაქსის მძღოლია.

,,უკაცრავად, გცალიათ? უი, თქვენ ხართ? რა სიურპრიზია" - ასეთია პირველი ემოციები, როდესაც მოქალაქეები ტაქსის ნიშნის მქონე მანქანასთან მიდიან.

ამბობს, რომ საკუთარი შრომით სიღარიბეს დააღწია თავი. 3 შვილი წვალებით გაზარდა და მათ დასახმარებლად ჯერ კიდევ შეუძლია შრომა.

დარდობს უფროს შვილზე, აკაკიზე, რომელსაც ჯართის შეგროვების დროს, ინციდენტი შეემთხვა. უმცროსი ვაჟი, 15-წლის გიორგი კი, მძლეოსნობაში წარმატებებს აღწევს.

,,არ მინდა ბავშვი მოაკლდეს იმ საქმეს, რაც უყვარს. ვარჯიშის დროს, ძალიან ბევრი ვიტამინი ჭირდება. რითიც შემიძლია ვეხმარები. გოგო დაოჯახდა. აკაკის მდგომარეობას კი განვიცდი. ეხლა 46-წლის რომ გავხდი, ჩემი დაბადების დღე ციხეში გადავიხადეთ, ხანგრძლივი ნახვის უფლება გამოვიყენეთ და იქ შევხვდით ჩემ დაბადების დღეს" - ვერ იკავებს ცრემლებს დედა.  ჯართის შეგროვების დროს აკაკის ავარია შეემთხვა. ,,ჟიგულის" მარკის ავტომანქანით ბაკურიანიდან ხაშურში ბრუნდებოდა.

,,სხვათა შორის, დაზარალებული ოჯახი ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა. თუ მაღალი სიჩქარით არ მოდიოდა მძღოლი და ნასვამი არ იყო, ჩვენ რა უფლება გვაქვს ზედმეტი ვთქვათო. მიუხედავად ამისა, მაინც ბრალი წაუყენეს. დაახლოებით 5 თვე გავიდა უკვე, რაც დააკავეს" - იხსენებს თამარ გვარამაძე.

ტაქსისტობა კი 3 კვირის წინ დაიწყო. შედეგით კმაყოფილია. ,,თუ 20 ლარის საწვავს ჩავასხავ, არის ხოლმე შემთხვევები, რომ 30-35 ლარი ამიღია და ძირიც დამიფარავს" - გვიხსნის ჩვენი რესპონდენტი.

წლების წინ ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაოჯახდა. ჰყავდათ საქონელიც, თუმცა გაწეული ჯაფა და შრომა თავის შედეგს ბოლომდე ვერ იძლეოდა: ,,თუ გვერდში არ მოგდევს ადამიანი, არაფერი გამოვა. წამოვედით ხაშურში, მაშინ ორი შვილი მყავდა. დავიწყე მუშაობა ბაზარში. 20 წლის ვიყავი. პირველ ჯერზე, გორის ვაშლი ჩამოგვქონდა გასაყიდად. ისე მიხაროდა პირველი შემოსავალი, ეხლაც განვიცდი იმ სიხარულს" - ამბობს ქალბატონი თამარი.


სიუჟეტის ავტორი: ელიზა ქრისტესიაშვილი

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები