ახალი ამბები
რუს ჰაკერს ,,პროკურორი" საქმის მოგვარებას გორის რესტორანში პირდებოდა
ქარელში რუსი ჰაკერის ცემისა და წამების ფაქტზე დაკავებულების საქმის განხილვა გორის სასამართლოში გრძელდება. დღეს მოსამართლის წინაშე პოლიციელები წარსდგნენ.

გორის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი ჩოქური, ასევე, თბილისის დეტექტივების სამმართველოს წარმომადგენელები -- ზურაბ ბერიაშვილი და სხვები ინდენტურ ჩვენებებს იძლეოდნენ.

ადვოკატებისთვის განსაკუთრებით საინტერესო გამომძიებელ გივი მაისურაძის ჩვენება გახდა. მან ფიცის მიღების შემდეგ, სუმბაევთან ციხეში შეხვედრის დეტალები გაიხსენა:

,,უკაცრავად, თქვენ რას გვიყვებით? სუმბაევის ჩვენებას გვიყვებით?“ - ჰკითხა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა. გამომძიებელმა გივი მაისურაძემ განმარტა, რომ ის ყვება სუმბაევთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაციის შესახებ.

,,თქვენ ასე დეტალურად რომ იცით ე.წ. დაზარალებულის ჩვენება, სხვა საქმეშიც ასე გახსოვთ, რას ყვებიან მოწმეები? თუ ეს კონკრეტული შემთხვევაა, რომ ასე მომზადებული მოხვედით“ - მიმართეს გამომძიებელს.

პროკურორმა დასმული შეკითხვები გააპროტესტა, რომელთა ნაწილი მოსამართლემ მოხსნა.

რა უთხრა სუმბაევმა გამომძიებელს?

თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი, გივი მაისურაძე ყვება, რომ მისმა უფროსმა, 2018 წლის შემოდგომით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე სარგებლობდა ყალმბი პასპორტით. იაროსლავ სუმბაევი დააკავეს, მისი სახლიდან ოთხი პასპორტი, ფულადი თანხა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.

გამომძიებელი მაისურაძე ამბობს, რომ ის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით,შეხვდრა დაპატიმრებულ სუმბაევს, საიდანაც მოისმინა შემდეგი რამ.

,,2017 წელს, იაროსლავ სუმბაევი იმყოფებოდა თურქეთში, მეგობართან, ვასილ მარგიევთან ერთად. სტამბულში ის შეხვდა სხვა ქართველებსაც, რომელთაც გაანდო, რომ საქართველოში შესვლა სურდა და სამართლის ძიება.“ - განაცხადა გამომძიებელმა.

როგორც გამომძიებელი ყვება, სუმბაევს პასპორტის აღებაში დაეხმარნენ და სარფის საბაჟოს გვერდის ავლით მაკაროვის გვარით შემოვიდა.

,,იყო საუბარი იმაზე, რომ ის ვითომ შემოვიდა აფხაზეთიდან; როგორც დევნილი და საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვდა. ამის შემდეგ, მას უნდა აღედგინა სამართლიანობა. მიყვებოდა, რომ რუსეთში ძალიან უსამართლოდ მოექცნენ და ვერ პოულობდა სამართალს“- აგრძელებს გამომძიებელი.

,,უკაცრავად“ - ჩაერია საუბარში ადვოკატი - ,,ასეთი კარგი ურთიერთობა გქონდა, რომ სუმბაევი გულღიად გესაუბრებოდათ?“

,,მე მანამდე მასთან არ ვიყავი შეხვედრილი. ზოგჯერ, არის ხოლმე შემთხვევა, რომ მოწმე გესაუბრება ისეთ რამეებზეც კი, რომელიც შესაძლოა არ ეხებოდეს საქმეს.“ - უპასუხა თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა გივი მაისურაძემ.

გივი მაისურაძემ გაიხსენა, რომ საქართველოში სუმბაევი სარფის საბაჟოდან შემოვიდა. მას გარკვეული სახის საქმიანობა უნდა დაეწყო, ამიტომ, ჭირდებოდა საქართველოს მოქალაქეობა.

,,როგორც მიყვებოდა სუმბაევი, დაახლოებით 60 000 ლარად გაუკეთებდნენ ამ საქმეს. ეს საუბარი შედგა გორის რესტორანში. მისი თქმით, რესტორანში გორის პროკურორის სახელით გაეცნენ, იყვნენ ასევე პოლიციელები. ამ ,,პროკურორს“ უთქვამს, რომ მე გაგიკეთებ ყველაფერს, თუ თანხას გადაიხდიდო. შემდეგ, გზაზე თეთრი პიკაპით ადევნებიან, როგორც თავად ამბობს, პოლიციელები, უცემიათ, უწამებიათ და ა.შ.“ - განაცხადა გამომძიებელმა.

გივი მაისურაძემ ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, საქმის კურსში ჩააყენა ხელმძღვანელობა და გამოკითხვის ოქმი გააცნო:

,,მე ფაქტობრივად ვიძიებდი ყალბი პასპორტის დამზადების ფაქტს. როდესაც ეს ინფორმაცია მოვისმინე, საქმე გამოვყავი ცალკე და რეაგირებისთვის გადაეგზავნა შიდა ქართლის პოლიციას. აქ რა მოხდა და როგორ წარიმართა გამოძიება ეს ჩემთვის უცნობია“ - განაცხადა გივი მაისურაძემ.

რაც შეეხება სხვა პოლიციელებს, გორის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქური იმ პერიოდში თბილისის სამმართველოში მუშაობდა. მისი თქმით, მან მხოლოდ სახლის ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობდა.

ვინ არიან დაკავებული პირები

იაროსლავ სუმბაევის ჩვენების საფუძველზე შიდა ქართლში 5 პირი დააკავეს, მათგან, ოფიციალურად შსს-ს და პროკურატურის თანამშრომელი არც ერთია. დაკავებულთაგან ნაწილი პატიმრობაშია, ნაწილი კი, წინასწარ პატიმრობაში.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე.

,,მე რატომ დამიჭირეს? მარგიევს ვიცნობდი მხოლოდ. ჩემ სახლში იყვნენ სტუმრად მხოლოდ. თვითონ მგონი მანქანები უნდა ჩამოეყვანათ საიდანღაც, რაღაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში. არანაირი დატყვევება, არანაირი გატაცება. ჩემგან რა უნდათ საერთოდ?" - ამბობს მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 60 წლამდე ასაკიისა და მომხდარით გაოგნებულია.

ადვოკატი თვლის, რომ იაროსლავ სუმბაევი რუსეთისთვის არ უნდა გადაეცათ, რადგან მისი დაკითხვა მნიშვნელოვანი იქნებოდა დაკავებულისთვის:

,,კაცმა არ იცის, ის ბიჭი ცოცხალია თუ მკვდარი რუსეთში. ეს ხალხი ფაქტობრივად მისი ჩვენების საფუძველზე არიან დაკავებულები. ამ 60 წლის კაცს კი, რა შეუძლია. მაქსიმალურად, ვეცდებით, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგეს." - აცხადებს ადვოკატი.

იაროსლავ სუმბაევი

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალი ედება თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.  გამოძიება მიიჩნევს, რომ 28 წლის სუმბაევს კავშირი აქვს მოსკოვის ოლქში ადვოკატ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან.

კერძოდ, რუსეთის საგამოძიეო კომიტეტში მიიჩნევენ, რომ სუმბაევი ჰაკერთა ჯგუფს ხელმზღვანელობდა, რომლებიც რუსეთის რკინიგზის ბილეთების გაყიდვით დაკავებული კომპანიების ფოსტას ტეხდნენ, ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან თაღლითური გზით თანხებს იპარავდნენ. რკინიგზის ბილეთებით თაღლთობის სქემა გამომძიებელ ევგენია შიშკინას ჯგუფმა გახსნა, თუმცა აღნიშნილ საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყბამდე 19 დღით ადრე ის საკუთარ სახლთან, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც მოკლული შიშკინას ოჯახის ადვოკატი ალექსანდრ კარაბანოვი აცხადებს, სუმბაევი მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია. გამომძიებლის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს თავად სუმბაევის დაცვის მხარე.

სუმბაევის ადვოკატის თქმით, იმ დროს, როდესაც შაშკინა მოკლეს, სუმბაევი საქართველოში იმყოფებოდა.

შიშკინა სმკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ ორი პირი. ერთ-ერთ მათგანს გამოძიება მკვლელობის უშუალო შემსრულებლად მიიჩნევს, მეორეს კი შუამავლად დამკვეთსა და მკვლელს შორის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები