25-28 მარტს თბილისი რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს.
წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები არიან,
როგორებიცაა: 5 გრემის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი დაიან
რივსი, ჯაზის ლეგენდები კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი,
ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის
ყველაზე მოთხოვნადი არტისტი აიანა უიტერ-ჯონსონი.
ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალში ჯაზ-ლეგენდებთან ერთად სხვადასხვა
თაობის ქართველი ჯაზ-შემსრულებლებიც მონაწილეობენ. მსმენელის წინაშე
უახლესი პროექტებით წარდგებიან გუჯა მარდინის კვარტეტი, ლუკა თოფურიას
კვარტეტი, რეზო კიკნაძის სიქსტეტი და გია რაქვიაშვილის ტრიო.
თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს 25 მარტს რუსთაველის თეატრში ბრიტანელი
ჯაზ-მუსიკოსის აიანა უიტერ-ჯონსონის კონცერტი გახსნის, რომლის
შემდეგაც მსმენელის წინაშე წარდგება კენი ბარონისა და დეივ ჰოლანდის
ტრიო. ამავე დღეს, საფესტივალო ჯაზ-საღამოს კლუბ „ზინგერში“გუჯა
მარდინის კვარტეტი დაასრულებს.
26 მარტს, რიგით მეორე საფესტივალო დღეს, კლუბ „ზინგერში“ ლუკა
თოფურიას კვარტეტის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 მარტს მსმენლის
წინაშე რეზო კიკნაძის სიქსტეტი წარდგება.
რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს 28 მარტს რუსთაველის თეატრში ლეგენდარული
დაიან რივსი დახურავს, რომელიც მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად
წარდგება.
ბოლო საფესტივალო დღეს მეორე კონცერტიც გაიმართება - კლუბი „ზინგერი“
ამჯერად გია რაქვიაშვილის ტრიოს უმასპინძლებს.
ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ჯაზის ვირტუოზები ქართველი სტუდენტებისთვის
მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. პირველ მასტერკლასს 26 მარტს თბილისის
სახელმწიფო კონსერვატორიაში აიანა უიტერ-ჯონსონი გამართავს, ხოლო 28
მარტს რუსთაველის თეატრში სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის დაიან
რივსი ღია რეპეტიციას ჩაატარებს და მომავალი ვოკალისტების
შეკითხვებსაც უპასუხებს.
თბილისის რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ
თბილისის მერია.
ჯაზ-ფესტივალში მონაწილე არტისტების მასპინძელია „შავი ლომი“.
ფესტივალის მედიამხარდამჭერები: მარკეტერი, ნეტგაზეთი, რადიო ფორტუნა,
Financial.
ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი სტატუს ბარათის
მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
სტატიის გამოყენების პირობები