ახალი ამბები
ჩხუბის წესები ძველ გორში
ფოტოზე: გორი, 1907 წელი, შალვა ლოლაძის პირადი არქივი

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში ინახება ერეკლე ლუკაშვილის სტატია, რომელიც აღწერს ძველ გორში, მე-19 საუკუნის 90-იან წლებში არსებულ ტრადიციას. ამ ტრადიციის მიხედვით, ზემო და ქვედაუბნელები ერთმანეთს კრივში ეჯიბრებოდნენ:

სტატია 1964 წლით თარიღდება და წერია:

„ძველად გორში, ტაძრის მიდამოებში, ყოველი წლის ყველიერის კვირაში, იმართებოდა კრივი, ერთმანეთს პირველობას ეცილებოდნენ ქვემო და ზემოუბნელები, სცდიდნენ მკლავის ძალასა და ოსტატობას, სისწრაფესა და გამძლეობას, ვაჟკაცობას და რაინდობას; კრივს თავის მკაცრად განსაზღვრული წესები ჰქონდა: სახეში დარტყმა დაუშვებელი იყო, წელს ქვევით დარტყმა კი, თუნდაც უნებლიეთ, ხომ სამარცხვინოდ ითვლებოდა."

კრივს ჯერ პატარები ვიწყებდით, შემდეგ ჭაბუკები შეგვცვლიდნენ, ბოლოს ასპარეზობაზე გამოდიოდნენ ცნობილი გორელი ფალავნები, ორ დასად დაყოფილნი ზემო და ქვემოუბნელები.

გამარჯვებულნი დამარცხებულებს თანდათან უკან ახევინებდნენ, ბოლოს კი სულაც გააქცევდნენ. გაქცეულებს აღარ დაედევნებოდნენ, ხელს აღარ ახლებდნენ“

სტატიაში ავტორი ბოლოს კი გულდაწყვეტილი დასძენს, რომ: „ეს მშვენიერი ხალხური გასართობი - კრივი 1896 წელს აკრძალა გორის მაზრრის უფროსმა რევაზ ერისთავმა .უბრძანა პოლიციელებს ჩვენი დაშლა და იმათაც აქეთ-იქით გაგვრეკეს. ამის შემდეგ გორში კრივი აღარ გამართულა“ - წერს ერეკლე ლუკაშვილი ყეენობის აღწერისას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები