ახალი ამბები
კასპის მერის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა
2020 წლის 3 იანვრიდან კასპის მერის მოადგილის პოსტი ვაკანტურია. ამის შესახებ ინფორმაცია მერიის ადმინისტრაციის სამსახურში დაგვიდასტურეს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნინო ჯინიყაშვილის განცხადებით, რომელიმე კანდიდატის დანიშვნის შესახებ, მერს ბრძანება გამოცემული არა აქვს.

მარიდაშვილის გათავისუფლების შესახებ არსებული სიტუაციის გამო, კასპის ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რიგებში შეშფოთებას გამოთქვამენ. შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი რამაზ ბერიანიძე ამბობს, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის ჩარევით, კასპის თვითმმართველობის ორგანოებში გორელ და თბილისელ კადრებს ნიშნავენ.

,,როგორ ბედავთ და კასპში მთელ რიგ თანამდებობებზე გარედან გვიგზავნით გაუგებარი ცოდნისა და გამოცდილების მლიქვნელებს? რატომ ხარჯავთ კასპელთა ბიუჯეტს ასე თქვენს ნებაზე, რომ ვიღაც ვიგინდარები თბილისიდან და გორიდან დაბრძანდებიან კასპში? შუადღის შემდეგ კი ვერც ერთს იპოვი ადგილზე მერის გარდა, ეგაა ერთი ადგილობრივი, დამლაგებლის დანიშვნაც რომ თქვენთან შასათანხმებელია, ესაა თქვენი თვითმართველობაა? არც გაბედოთ ვინმე გარედან მოათრიოთ, თორემ გაძლევთ პირობას, ჯერ მე გნახავთ პირადად და გაგეცნობით, ვინც ვარ, მერე კი სააკაძის მოედანზე დაგიმწკრიებთ ამ ტურისტ თანამდებობის პირებს და ეგრე გამოგიპანღურებთ ყველას." - მიმართავს რამაზ ბერიანიძე გუბერნატორს.

ბერიანიძე 90-იან წლებში პარლამენტის წევრი იყო, ასევე, კასპის რაიონის გამგეობაში წამყვან თანამდებობას იკავებდა.

კასპის მერი სატელეფონო ზარებს არ გვპასუხობს. მას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი, პირველი მოადგილე ჰყავს. საკრებულოს მიერ დადგენილი რეგლამენტის მიხედვით, მას შეუძლია, მხოლოდ, ორი მოადგილე ყავდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები