ახალი ამბები
რუსეთი ითხოვს, რომ ქარელში დაკავებულ რუს ჰაკერს გამომძიებლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წაუყენონ
საქართველოს ხელისუფლებამ, რუსეთის მოქალაქე იაროსლავ სუმბაევი, რუსეთის ხელისუფლებას 31 იანვარს გადასცა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართა. სახალხო დამცველმა გენერალური პროკურატურიდან დამატებითი წერილი 2020 წლის 7 თებერვლს მიიღო.

პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება ითხოვს, რომ იაროსლავ სუმბაევს ბრალი  რუსი გამომძიებლის ე.შ-ს მკვლელობის საქმეზე წარედგინოს. ამავე წერილით დგინდება, რომ ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არ მიუღია.

კანონმდებლობის თანახმად, იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის (მის მიერ წარსულში შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით) წარდგენაზე თანხმობას გასცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ამ შემთხვევაში, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც მკვლელობის საქმეებზე რუსეთში კვლავ მოქმედებს სიკვდილით დასჯის მექანიზმი, ექსტრადიცია არ უნდა განხორციელებულიყო:

,,რუსეთის ფედერაცია სისტემატიურად არღვევს კონვენციურ ვალდებულებებს. ამიტომ სრულად ვერ გამოირიცხება სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებული მორატორიუმის უგულვებელყოფის საფრთხე." - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს არ მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობაზე და არ გასცენ თანხმობა იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წაყენებაზე ე.შ.-ს მკვლელობის ფაქტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა არსებითად დაირღვეს იაროსლავ სუმბაევის უფლებები ქართული მხარის ხელშეწყობითა და მონაწილეობით.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევის სიხშირით რუსეთს 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაგებული საქმეების რაოდენობით პირველი ადგილი ეკავა. მხოლოდ 2019 წელს, სტრასბურგის სასამართლომ ამ ორი უფლების დარღვევისა და მისი არაეფექტიანი გამოძიების 130 შემთხვევა გამოავლინა.

საქართველოს პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, იაროსლავ სუმბაევს ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯაა დადგენილი. ამასთან, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის თანახმად, იგი ვერ გასამართლდებოდა წარსულში ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის, რომლისთვისაც ექსტრადირება არ მოთხოვნილა.

კონვენციის მიხედვით, გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც გადამცემი მხარე (ამ შემთხვევაში - საქართველო) გასცემს თანხმობას. ამასთან, იმ დანაშაულისთვის, რომელზეც თანხმობა გაიცემა, ექსტრადიციის შესახებ კონვენციის შესაბამისად, შესაძლებელი უნდა იყოს ექსტრადიციის განხორციელება. კონვენცია მიუთითებს, რომ ექსტრადიცია შეიძლება არ განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში კონკრეტული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული და ეს სახელმწიფო ვერ წარმოადგენს საკმარის გარანტიებს, რომ სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ იქნება მოყვანილი.

იხ. ამავე თემაზე:

რუს ჰაკერს ,,პროკურორი" საქმის მოგვარებას გორის რესტორანში პირდებოდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები